ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო დაბეგვრის კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა
ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და GIZ-ის პროგრამის ხელმძღვანელმა, ბერნდ მიულერმა საერთაშორისო დაბეგვრის კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.
როგორც “კვირას“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ნოდარ ხადურმა სერტიფიკატები გადასცა ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც საერთაშორისო დაბეგვრის 6-თვიანი კურსი წარმატებით გაიარეს.
ღონისძიებას დაესწრნენ GIZ-ის პროგრამის “საჯარო ფინანსები სამხრეთ კავკასიაში” ჯგუფის ხელმძღვანელი ბერნდ მიულერი, GIZ-ს ექსპერტი ვენდელა ვან დენ ბრიკი და IBFD-ის ექსპერტი ბარტ კოსტერი.
“ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი თანამშრომლობით კურსი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და ჩატარდა 4 მოდული. მოდულები ითვალისწინებდა საწყისიდან უმაღლეს ეტაპებს და მისი მიზანი იყო შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საერთაშორისო დაბეგვრის საკითხზე მომუშავე კადრების კვალიფიკაციის ამაღლება, რათა ხელი შეეწყოს “ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ” შეთანხმებების პრაქტიკაში სწორ გამოყენებას”, – ნათქვამია განცხადებაში.