სოციალურად დაუცველებს ელექტროენერგიის ტარიფთა შორის სხვაობას სახელმწიფო დაუფარავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის ძველ და ახალ სამომხმარებლო ტარიფებს შორის განსხვავებას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახელმწიფო სრულად დაფარავს. ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველთა სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონამდე ლარი გამოიყოფა.
“მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ სემეკის გადაწყვეტილება მძიმე ტვირთად არ დააწვეს პირველ რიგში სოციალურად დაუცველ ჩვენ მოსახლეობას. ჩემი დავალებით მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა დაამუშავა სუბსიდირების რამდენიმე სქემა და ბოლოს შევაჩერეთ ყურადღება ისეთ მოდელზე, რომლითაც სახელმწიფო მთლიანად დაფარავს ტარიფში არსებულ სხვაობას სოციალურად დაუცველი ყველა ოჯახისთვის. არც ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს არ მოუწევს არც ერთი თეთრით იმაზე მეტის გადახდა, რასაც აქამდე იხდიდა. ეს ეხება სოციალურად დაუცველ ყველა – დაახლოებით 208 ათას ოჯახს ანუ ვინც 70 ათასი ქულა მიიღო სოციალურად დაუცველთა ბაზაში, იმის მიუხედავად, რომელი კატეგორიის მომხმარებელია, ანუ ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარს თუ ცოტას ანუ განსხვავება ძველსა და ახალ ტარიფს შორის განსხვავებას 633 ათასი ადამიანისთვის სახელმწიფო სრულად დაფარავს, ამისთვის ჩვენ ბიუჯეტიდან დაგვჭირდება დაახლოებით 20 მილიონი ლარი, ცხადია ეს დამატებითი ხარჯი იქნება ბიუჯეტისთვის,მაგრამ ეს აუცილებელი ნაბიჯია,რომ მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენა არ დაზარალდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.