დავით ნარმანია: საცხოვრებელი კორპუსი ძლიერადაა დაზიანებული

თბილისის მერი დავით ნარმანია და ვიცე – პრემიერი კახა კალაძე გლდანის მე-6 მიკრორაიონის #2  საცხოვრებელ კორპუსთან მივიდნენ, სადაც ერთი საათის წინ აფეთქება მოხდა.
როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერმა განუცხადა, საპატრულო და სამაშველო ბრიგადებთან ერთად, კორპუსში კონსტრუქტორებიც მუშაობენ, რათა შენობის მდგრადობის შესწავლა მოხდეს.
“სამწუხაროდ, საცხოვრებელი კორპუსი ძლიერადაა დაზიანებული. გარდაცვლილია ორი ადამიანი, ეს უკვე დადასტურებულია. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. გამოვიძახეთ კონსტრუქტორებიც და დამატებითი ტექნიკაც, რომელმაც უნდა შეისწავლოს ამ შენობის მდგრადობის საკითხი, რათა შესაბამისი ოპერაციის განხორციელების პროცესში კიდევ არ მივიღოთ მსხვერპლი”, – განაცხადა ნარმანიამ.
რაც შეეხებათ დაშავებულებს, ნარმანიას ინფორმაციით, ერთის გარდა, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.
“აფეთქების გამომწვევი მიზეზი კი საგამოძიებო პროცედურების დასრულების შედეგად უნდა დადგინდეს”, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები