გლდანში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო
გლდანში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც “კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
გლდანში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან სხვა დაშავებულებიც, – ამის შესახებ „კვირას“ სასწრაფო – სამედიცინო ცენტრიდან აცნობეს. როგორც „კვირას“ სასწრაფო – სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, გარდაცვლილებიდან ერთი მამაკაცია, მეორე კი – ქალბატონი. მათივე თქმით, 6 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, გლდანის მე-6 მიკრორაიონის მეორე კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ბალონი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შსს-ში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, აფეთქების შედეგად კორპუსის მე-2 და მე-3 სართულის მიშენება ჩამოინგრა. ადგილზე იმყოფება სასწრაფო, სამაშველო სამსახური და მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მიმდინარეობს მოსახლეობის ნანგრევებიდან გამოყვანა.