გლდანში აფეთქებული კორპუსის ადგილზე სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს
ამ წუთებში ნგრევის ადგილზე სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს, – ამის შესახებ სამაშველო სამსახურის უფროსმა ზვიად ქაწაშვილმა “მოამბეში” ჩართვისას განაცხადა.
როგორც ქაწაშვილი აღნიშნავს, ამ წუთებშიც მიმდინარეობს იმ სადარბაზოს ევაკუაცია, სადაც მოხდა აფეთქება. მისივე თქმით, კორპუსის აფეთქებისა და ნგრევის მიზეზებს შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან.
“გლდანის რაიონის მე-6 მიკროში, სავარაუდოდ, მოხდა გაზის აფეთქება, სადაც მე-4 და მე-5 სართულებზე ჩამოშლილია სინკარები. მეხანძრე-მაშველები, მინისტრის ბრძანებით, მობილიზებულნი არიან და ამ წუთებში მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება, საიდანაც მოხდება ევაკუაცია სადარბაზოს მასშტაბით.
ამ წუთებში მსხვერპლის რაოდენობა დგინდება, მიმდინარეობს გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები. ამ ეტაპზე ვადასტურებ ორი პიროვნების გარდაცვალებას, სხვა ინფორმაცია არ მაქვს. ნგრევის მიზეზს კი კომპეტენტური ორგანოები დაადგენენ “, – განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.