საპატრიარქო საზღვრის გადმოწევის ფაქტს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში დიდ შეცდომად აფასებს
საქართველოს საპატრიარქო სამხრეთ ოსეთთან არსებული დე ფაქტო საზღვრის ხაზის გადმოწევის ფაქტს გამოეხმაურა, რომელსაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში დიდ შეცდომად აფასებს და ყოვლად მიუღებლად მიაჩნია.
„ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მიტაცების უკვე მერამდენე მცდელობაა. ასეთი ნაბიჯები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში დიდ შეცდომად და ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია. ვფიქრობთ, აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობა, რომ საქართველომ შეძლოს, მსგავსი შემოტევებისგან თავი დაიცვას“, – განაცხადა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრია გვაზავამ. რაც შეეხება სამაჩაბლოს ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებს, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული მე-15 საუკუნის თირის ტაძრის უნიკალური ფრესკების ნაწილი დაზიანდა და ცხინვალის ღვთისმშობლის ეკლესიად გადაკეთდა.
„ისტორიული ღირებულების მქონე ძეგლებისადმი ასეთი დამოკიდებულება ნებისმიერი საზოგადოებისთვის სირცხვილია. რამდენადაც ვიცით, აღნიშნულმა ფაქტებმა ცხინვალის ინტელიგენციაში უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ საშიშროება, რომელიც სხვა ქართულ ტაძრებსაც ემუქრებოდა, რეალობად არ იქცევა“, – აღნიშნა გვაზავამ.
ამასთან, საპატრიარქო „იუნესკოს“ საერთაშორისო ორგანიზაციას დახმარებას სთხოვს, რათა ქართველების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ ეკლესია-მონასტრებზე ზედამხედველობა გასწიონ.