500 -დან 1000-მდე ვეტერანის ოჯახი საზღვრისპირა სოფლებში დასახლდება და ადგილზევე დასაქმდება
„ვეტერანთა დასაქმებისთვის ვიწყებთ პირველ საპილოტე პროექტს. პროექტის ფარგლებში 500 -დან 1000-მდე ვეტერანის ოჯახი საზღვრისპირა სოფლებში დასახლდება და თანამედროვე სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების შესწავლის შემდეგ შექმნის ქართულ პროდუქტს, რასაც წინასწარ გარანტირებული ბაზარი ექნება“, – განცხადება ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა გააკეთა.
გარდა ამისა, შიხიაშვილის თქმით, ვეტერანებს დაუფინანსდებათ ყველა ის სამედიცინო მომსახურება, რომელსაც დაზღვევა ვერ ანაზღაურებს, ვეტერანებს, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის გარდა, სამედიცინო მომსახურების პრეპარატების თანხებსაც დაუფარავს. „ჩვენ ვიცით, რომ ვეტერანებს ძალიან მძიმე სოციალური ფონი აქვთ, ამისათვის ჩვენ შევქმენით სამედიცინო კომისია, სადაც ვეტერანს უფინანსდება წამლები, ოპერაციები და ყველა ის საჭიროება, რასაც ვეღარ ანაზღაურებს სახელმწიფო. მათ შორის შედის კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა. ამ პრინციპით მინდა, რომ რამდენიმე ათეული ვეტერანის სოფელი შევქმნათ და ხელმოკლე მდგომარეობიდან დოვლათის შემქმნელი ადამიანის მდგომარეობაში გადავიყვანოთ. ამის პროექტი მაქსიმუმ 10 დღეში გვექნება. გარდა ამისა, ახლა „კვირას“ პრესკლუბში, პირველად ვიტყვი, რომ ჩვენ ვეტერანთა კლუბს ვქმნით და უახლოეს ხანში, როდესაც მემორანდუმს დავდებთ, დეტალებსაც მოგახსენებთ “,- განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.