პაატა კიკნაველიძე: მოსმენების გასაღები უსაფრთხოების სამსახურს უნდა ჰქონდეს
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრმა პაატა კიკნაველიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში შინაგან საქმეთა სამინისტროს დაყოფის რეფორმის შესახებ ისაუბრა. კანონმდებლის განმარტებით, ეს იქნება ფუნქციური დაყოფა, როცა საპოლიციო და უსაფრთხოების სამსახურები ერთმანეთს გაემიჯნებიან, გამიჯვნის შემდეგ კი, კიკნაველიძის განმარტებით, მოსმენების გასაღები უსაფრთხოების სამსახურს უნდა გადაეცეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმაა, რაზეც პარლამენტი მუშაობს. ეს არ არის მხოლოდ ერთი სტრუქტურის ორ სტრუქტურად დაყოფა, ეს არის ფუნქციური დაყოფა იმდენად, რამდენადაც შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამიჯვნით ხდება საპოლიციო და, მეორე მხრივ, სახელმწიფო ინტერესების ფუნქციების გამიჯვნა. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუშვებლად დიდი ძალაუფლება იყო კონცენტრირებული. სტრუქტურული და ფუნქციური გაყოფის შედეგად პოლიციისა და უსაფრთხოების ფუნქციები მკაფიოდ განსაზღვრული იქნება, რაც, როგორც ერთი, ისე მეორე უწყების მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის. იყო შენიშვნებიც, კანონპროექტში არასამთავრობო სექტორის მთელი რიგი მოსაზრებები – ზოგი სრულად და ზოგიც ნაწილობრივ აისახა. რაც შეეხება მოსმენებს, უსაფრთხოების სამსახურის ფუნქცია იქნება. თუ საკითხი დადგება ისე, – სად იყოს მოსმენების გასაღები, შსს-ში თუ უსაფრთხოების სამსახურში, უფრო სწორი იქნება, ეს ფუნქცია უსაფრთხოების სამსახურს ჰქონდეს. თუნდაც იმიტომ, რომ უსაფრთხოების სამსახურს აქვს ძალიან შეზღუდული წრე იმისა, რომელზეც ის გამოძიებას აწარმოებს. ამიტომ უშუალო ინტერესი იმისა, რომ მოუსმინოს ისეთი ტიპის საუბრებს და პირებს, რომელსაც არა აქვთ შეხება სახელმწიფო უსაფრთხოებასთან, მინიმალურია, შსს-ში შეიძლება ამისი ცდუნება უფრო მაღალი იყოს“,- აღნიშნა პაატა კიკნაველიძემ.