ვეტერანებისთვის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალი სამკურნალო – სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

„ვეტერანთა მოქმედი ჰოსპიტალი აღდგენას აღარ ექვემდებარება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სიტყვიერი შეთანხმება ქალაქის მერთან, ამაზე საუბარი გვქონდა ეკონომიკის სამინისტროსთანაც, რომ თბილისის ზღვაზე დაახლოებით 2- 2,5 ჰექტარი ტერიტორია გამოიყოს იმისათვის, რომ იქ თანამედროვე ტიპის სამკურნალო – სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდეს. ვეტერანებს უნდა გააჩნდეთ სერიოზული სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრი“,- აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა გააკეთა.
შიხიაშვილმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია ჰოსპიტლის შესაძლო დახურვის და შენობის გაყიდვის შესახებ. მისი განმარტებით, მოქმედ ჰოსპიტალში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, შენობა ავარიულია და მასში არ არის ინფრასტრუქტურა მოწყობილი, რის გამოც დღის წესრიგში ახალი სამკურნალო ცენტრის აგება დადგა.
„ მიდიოდა საუბრები იმაზე, რომ თითქოს ჩვენ ჰოსპიტალის დახურვას, გაუქმებას და გასხვისებას ვაპირებდით. ვეტერანთა სამსახურს ეს არ ხელეწიფებოდა, რადგან შენობა, სადაც ჰოსპიტალია განთავსებული, ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. ჰოსპიტალში ძალიან დაბალი ხარისხის მომსახურება არის, ინფრასტრუქტურა საშინელ მდგომარეობაშია, შენობა ნგრევის პირასაა და აღდგენას აღარ ექვემდებარება. არსებობს სამხარაულის დასკვნა, რომ შენობა აღდგენას აღარ ექვემდებარება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სიტყვიერი შეთანხმება ქალაქის მერთან, ამაზე საუბარი გვქონდა ეკონომიკის სამინისტროსთანაც, რომ თბილისის ზღვაზე დაახლოებით 2- 2,5 ჰექტარი ტერიტორია გამოიყოს იმისათვის, რომ იქ თანამედროვე ტიპის სამკურნალო- სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ებრაულ მხარესთან და მათთან ერთად მიდის მუშაობა სამოქმედო გეგმაზე. ასევე ვსაუბრობთ ამერიკულ მხარესთანაც, საიდანაც შესაძლოა, მოვიზიდოთ პროგრამები. ეს იაფი არ იქნება, მაგრამ კარგი იქნება“,- განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები