ჟვანიას ქვრივმა ჩვენება მისცა – ხარშილაძე ტყუის, ის ფანჯრიდან ვერ გადაძვრებოდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია, ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულების: კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას პროცესზე, მოწმის სახით იკითხება. როგორც ჩვენებისას ნინო ქადაგიძემ განაცხადა, კობა ხარშილაძე ტყუის, როცა ამბობს, რომ იმ ღამეს, როცა ზურაბ ჟვანია დაიღუპა, ფანჯარა ჩაამტვრია და ბინაში გადაძვრა.
მისი თქმით, 2005 წლის 9 აპრილს ჩატარდა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ აღნიშნული ბინის ფანჯრები არ იკეტებოდა და ვერც ფიზიკურად გადაძვრებოდა ბინაში.
“ტყუის ხარშილაძე, როცა ამბობს, რომ მან ფანჯარა ჩაამტვრია და შიგნით გადაძვრა. ექსპერიმენტი ჩატარდა და დადგინდა, რომ ვერ გადაძვრებოდა ფიზიკურად და არც ფანჯრების ჩამტვრევა გახდებოდა საჭირო, რადგან არც ერთი ფანჯარა არ იკეტებოდა. იყო ფანჯარა, რომელიც ვაკუუმსაც კი ვერ ქმნიდა”,- განაცხადა ნინო ქადაგიძემ.
ამის შემდეგ, ბრალდების მხარემ, კერძოდ, კობა ხარშილაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, მოწმის მხარეს, ქადაგიძეს ჰკითხა, ესწრებოდა თუ არა აღნისნულ ექსპერიმენტს, რაზეც ქადაგიძემ უპასუხა, რომ თავად არ ესწრებოდა, ან ესწრებოდა და ზუსტად არ ახსოვს. თუმცა, მისივე თქმით, ინფორმაცია გარდაცვლილის ძმამ, გოგლა ჟვანიამ მიაწოდა.
“თუ თქვენ ამბობთ, რომ არ ესწრებოდით 2005 წლის 9 აპრილს ჩატარებულ ექსპერიმენტს, მაშ, რატომ არის თქვენი ხელმოწერა ოქმზე, რომელიც ამ ექსპერიმენტსა და ექსპერიმენტის შედეგებზე შედგა? რატომ არის თქვენი ხელმოწერა იმაზე, რომ თქვენ დაესწარით ამ ექსპერიმენტს? ” – მიმართა ბექა ბასილიამ მოწმის მხარეს, ნინო ქადაგიძეს.
აღნიშნულზე ქადაგიძემ განაცხადა, რომ მან არ იცის, რა ოქმზეა საუბარი. “არ ვიცი, რა ოქმზეა საუბარი, შესაძლოა, ექსპერიმენტის გარკვეულ ნაწილს დავესწარი, თუმცა კონკრეტულად არ მახსოვს, ხარშილაძე როგორ გადაძვრა ფანჯარაში. მე ვამბობ იმას, რომ ხარშილაძე ფიზიკურად ვერ გადაძვრებოდა იქ, სადაც ამბობს, რომ გადაძვრა. სწორედ ესაა მისი ტყუილი”, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.
დაკითხვის პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება.
თაკო სონღულაშვილი