ზურაბ ჟვანიას საქმეზე პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაიხურა

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, რომელიც საქალაქო სასამართლოში დღეს დაიწყო, ბრალდებულების ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე პროცესი დაიხურა. საქმის განხილვას ბრალდებულები კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამიაც ესწრებიან.
მოსამართლეს ბრალდებულების ადვოკატმა, შუამდგომლობით მიმართა, რაც დაკმაყოფილდა. კერძოდ, დაცვის მხარის შუამდგომლობა შემდეგ გარემოებას ითვალისწინებს, საქმეს უნდა დაერთოს FBI-ს დასკვნა, რომელიც, ადვოკატების ინფორმაციით, ტელეკომპანია “რუსთავი2”-მა მოიპოვა და დაცვის მხარეს გადასცა.
ადვოკატმა ბექა ბასილაიამ აღნიშნა, რომ თუ პროკურატურა აღნიშნული მტკიცებულების იდენტურობას არ ეთანხმება, უთხრას დაცვის მხარეს და მტკიცებულებად დართვას აღარ მოითხოვს. ასევე აღინიშნა, რომ მტკიცებულება, რომლის დართვასაც ადვოკატები საქმეზე ითხოვენ, შეიცავს ინტიმურ დეტალებს, რომელზეც საქმის განხილვის ეტაპზე ბრალდებულის მხარეს მოუწევს საუბარი. ამის შემდეგ, მოსამართლე ეკა არეშიძემ აღნიშნული შუამდგომლობის დაყენების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სხდომა შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე დახუროს.
მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვისას პროცესი კანონის შესაბამისად დაატოვებიეს ნაფიც მსაჯულებსაც, მანამდე კი სასამართლომ უფროსი მსაჯული აირჩია. სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც FBI-ს დასკვნასთან დაკავშირებით შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი გადაწყდება, სასამართლო პროცესი განახლდება.
ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრების, კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმეზე, მხარეები დღევანდელ პროცესზე შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები