აგულაშვილი: ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ პროვოცირება ხშირად საქართველოდან იწყება ხოლმე

„ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ პროვოცირება ხშირად საქართველოდან იწყება“,- ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა აზერბაიჯანში “გაბალა”- “დინამოს” მატჩზე მომხდარი ინციდენტის კომენტარებისას განაცხადა.
მინისტრმა მომხდარი სამწუხარო ფაქტად შეაფასა.
„ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ პროვოცირება ხშირად აქედან იწყება ხოლმე. ყოველ შემთხვევაში ამ ინციდენტს, რამდენადაც ვიცი, წინ უძღვოდა ინციდენტი, რომელიც საქართველოში მოხდა და ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ამიტომ ვფიქრობ, ყველა სამსახურმა, ვისაც ეს ხელეწიფება და ევალება, უმკაცრესი ზომები უნდა გაატაროს, ვინაიდან ამ ყველაფერს აშკარად პროვოკაციის სუნი უდის”, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
მინისტრი შესაბამის სამსახურებს მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილობრივ “გაბალასა” და თბილისის “დინამოს” გუშინდელ მატჩზე ინციდენტი მოხდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ საფეხბურთო მატჩზე მისულ აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ნაწილს პლაკატები ინგლისურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჰქონდათ გამოტანილი წარწერით: Burchali is ancient Azerbaijan land (“ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა”); ‚Sarvan no Marneuli‘, ‚Bostandere No Rustavi‘ და ‚Choruk Gemerli! No Bolnisi!‘. გარდა ამისა, ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მატჩზე მისულ გულშემატკივრებს ეს პლაკატები პოლიციამ ჩამოართვა. ასევე გავრცელდა ფოტოები, სადაც საქართველოს დროშაზე ფეხებით დგანან. მომხდარს გულშემატკივრები 2 ივლისს, საქართველოში, “დინამო თბილისი” – “გაბალას” თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას უკავშირებენ, როდესაც ქართველმა გულშემატკივარებმა გამოფინეს პლაკატი წარწერით – “ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები