აზეირბაიჯანში საქართველოს ელჩი “გაბალასა” და თბილისის “დინამოს” შორის მომხდარს პროვოკაციად აფასებს
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე აზერბაიჯანულ “გაბალასა” და თბილისის “დინამოს” მატჩზე გუშინ მომხდარ ინციდენტს პროვოკაციას უწოდებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერით განაცხადა.
შარაშენიძის შეფასებით, ეს იყო პროვოკაცია, რომელიც იმ ძალების წისქვილზე ასხამს წყალს, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში განხეთქილების შეტანაში და იმ ურთიერთობების დარღვევაში, რომელიც ორ ხალხს შორის არსებობს.
„ეს იყო ფაქტობრივად საპასუხო რეაქცია იმისა, რაც თბილისში მოხდა. ამიტომ ჩვენ სასწრაფოდ მივმართავთ, აღიკვეთოს ასეთი მოვლენები, რომ შემდგომში აღარ განმეორდეს. მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, აზერბაიჯანულ მხარეს, რომ სასწრაფოდ იქნეს გამოძიებული ეს ფაქტი”, – განაცხადა შარაშენიძემ.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილობრივ “გაბალასა” და თბილისის “დინამოს” გუშინდელ მატჩზე ინციდენტი მოხდა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ საფეხბურთო მატჩზე მისულ აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ნაწილს პლაკატები ინგლისურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჰქონდათ გამოტანილი წარწერით: Burchali is ancient Azerbaijan land (“ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა”); ‚Sarvan no Marneuli‘, ‚Bostandere No Rustavi‘ და ‚Choruk Gemerli! No Bolnisi!‘. გარდა ამისა, ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მატჩზე მისულ გულშემატკივრებს ეს პლაკატები პოლიციამ ჩამოართვა. ასევე გავრცელდა ფოტოები, სადაც საქართველოს დროშაზე ფეხებით დგანან.
მომხდარს გულშემატკივრები 2 ივლისს, საქართველოში, “დინამო თბილისი”-“გაბალას” თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას უკავშირებენ, როდესაც ქართველმა გულშემატკივარებმა გამოფინეს პლაკატი წარწერით – “ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921”.