სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის ღონისძიება – „ყველა ქართველი 13+“ გაიმართება
10 ივლისს, ღონისძიება „ყველა ქართველი 13+“ გაიმართება, რომლის ორგანიზატორები თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი თამარ ბელქანია და ამავე უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები: მარიამ ტყეშელაშვილი, მარიამ ასათიანი, მარიამ გვარამია და ნინო ტაბაღუა არიან. ღონისძიება საქველმოქმედოა და 13 ივნისს თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად გაიმართება.
ღონისძიება რამდენიმე ეტაპს მოიცავს: 10 ივლისს, 14:00 საათზე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, გოგა ჩანადირის ფოტოების ნაწილი გამოიფინება, რომლებიც ფოტოგრაფმა სტიქიის ადგილებში გადაიღო.
ამავე დღეს, 18:00 საათზე ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ სააქტო დარბაზში გაიმართება კონცერტი. გაიყიდება გოგა ჩანადირის ფოტოები, აგრეთვე თექისა და გობელენის ტილოები, შემოსული თანხა კი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის ოჯახს გადაერიცხება, რომელიც სტიქიის დროს გარდაიცვალა.
ტელეკომპანიის სააქტო დარბაზში გამართული კონცერტი ორ ნაწილად იყოფა. პირველ ნაწილი საესტრადოა, მეორე კი – ხალხური.
„დაახლოებით ერთი თვე გავიდა 13 ივნისის ტრაგედიიდან, რომელმაც აჩვენა, რომ ქართველებს ერთად დგომა შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ეს ოდითგან ასე იყო, რომ ჭირი განსაკუთრებით აერთიანებდა ერს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დაგეგმილი ღონისძიებაც სწორედ ამის დამადასტურებელია.
ჩვენ დავუკავშირდით სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ სტუდენტებს, რომლებიც უცხოეთში სწავლობენ და ჩვენი ღონისძიების ფორმატში ისინიც ჩაერთვებიან.
„13+“ იმიტომ, რომ ცხოვრება, გრძელდება და გრძელდება, სწორედ, ერთად ყოფნით. ზოგადად, დაგეგმილი გვაქვს, რომ გოგა ჩანადირის ფოტოები 13 ადგილზე გამოვფინოთ, რომელთა ცენტრი სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო იქნება. აგრეთვე, შევქმენით ანგარიშის ნომერი, სატელეფონო ხაზი და ფეისბუქის გვერდი, სადაც განთავსდება ფოტოები და გამოფენაზე წარმოდგენილი ტილოები. სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაეხმაროს სტიქიის დროს დაზარალებულ ადამიანებს, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს“, – ამბობს თამარ ბელქანია.