ჩინეთის საფონდო ბირჟებზე აქციების მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა
ჩინეთის ძირითად საფონდო ბირჟებზე აქციების მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა. შანხაის ბირჟის ინდექსის ვარდნამ მხოლოდ დღეს 8% შეადგინა. ბოლო დღეებში კი ვარდნამ 30%-ს მიაღწია. ანალიტიკოსების გაანგარიშებით, ჩინეთის ბაზარმა ამით 3 ტრილიონი დოლარი დაკარგა.
ექსპერტების მონაცემებით, 1992 წლიდან ეს საფონდო ინდექსის ყველაზე სერიოზული ვარდნაა ჩინეთში. ქვეყნის ხელისუფლება აღიარებს, რომ ბირჟაზე ფაქტობრივად პანიკაა. ამ მდგომარეობის ერთ-ერთ მიზეზად სპეციალისტები საფონდო ბაზარს და ჩინეთის ეკონომიკას შორის ზრდის ტემპებში სხვაობას ასახელებენ, რასაც ისინი „გახეთქილი ბუშტის ეფექტს“ უწოდებენ.
ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა უკვე მიიღო ზომები – მან დაიწყო აქციების შეძენა, შეამცირა საკომისიო გადასახადი, თუმცა ამ ზომებმა ჯერჯერობით საფონდო ბირჟებზე არსებულ მდგომარეობაზე დადებითი გავლენა ვერ მოახდინა. ჩინეთის 1,5 ათასმა კორპორაციამ ვაჭრობა უკვე შეაჩერა, რაც მთელი რაოდენობის ნახევარზე მეტია.