გიორგი მარგველაშვილს გენდერული თანასწორობის ჯილდო გადაეცა
დღეს გენდერული თანასწორობის კონკურსის დაჯილდოების ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო. ქვეყნის პირველ პირს გენდერული თანასწორობის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ გადასცა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შომბი შარპმა პრეზიდენტს 2015 წლის ქალთა და გენდერული თანასწორობის წლად გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილმა ხელი შეუწყო თანასწორობის მთავარი პრინციპების დანერგვასა და სხვადასხვა პროექტის განვითარებას ამ მიმართულებით.
საქართველოს პრეზიდენტმა ჯილდო საუკეთესო მეწარმე ქალის ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიის “შუხმანის ღვინოების” მმართველ დირექტორს ნუცა აბრამიშვილს გადასცა.
გიორგი მარგველაშვილმა ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საზოგადოებაში ქალთა როლის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
“მინდა მადლობა გადავუხადო გაეროს განვითარების პროგრამას, იმ ძალიან აქტიური საქმიანობისთვის, რომელსაც ეწევა ჩვენს ქვეყანაში. ეს საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს როგორც წარმატებული, თანამედროვე ქვეყანა და დაუბრუნდეს თავის ჭეშმარიტ იდენტობასა და ჭეშმარიტ ღირებულებას, რომელიც ქართველებს გვქონდა და დღესაც უნდა დავიცვათ – ვგულისხმობ ქალბატონების პატივისცემას და მათ როლს საზოგადოებაში. დღეს ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ღირებულება, რომლითაც ვამაყობდით, ძალიან სერიოზული კითხვის ქვეშაა, მისი დაცვა კი ჩვენი ეროვნული და კულტურული ღირებულებების დაცვის იდენტურია. არ შეიძლება ძალადობა სექსუალური ნიშნით, არ შეიძლება საქართველოში გვქონდეს ის კატასტროფული სტატისტიკა, რომელიც გვქონდა შარშან ქალებზე ძალადობის, მკვლელობის და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის კუთხით. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქალებს უნდა ჰქონდეთ იგივე ხელფასი და ანაზღაურება, როგორც კაცებს. ვსაუბრობთ იმაზეც, რომ ქალების უფლებები პოლიტიკურად უნდა იყოს დაცული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სასაუბრო თემატიკაა, როცა ვუყურებთ რეალობას – რა არის გადასალახი ჩვენს ყოფაში, სურათი მაინც და მაინც სასიამოვნო არ არის და ჩანს, რომ სამწუხაროდ დასაძლევი ბევრი გვაქვს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყნის წინაშე რამდენიმე პრინციპული ამოცანა დგას, მათ შორის ქალთა როლის გასაძლიერებლად ცვლილებები საკანონმდებლო სივრცეში.
“ჩვენთვის სამარცხვინოა ის, რაც დაგვემართა. აქედან გამომდინარე ჩვენს წინაშე დგას რამდენიმე პრინციპული ამოცანა. პირველი არის ის, რომ ძალადობის მიმართ ძალიან აქტიური უნდა იყოს საზოგადოება, აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტს აფიქსირებდეს ყველგან და ყველა დონეზე და ეს იყოს ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური განვითარების დომინანტური თემა. მეორე – მნიშვნელოვანია, რომ შს სამინისტრომაც ეფექტურად აუწყოს ფეხი ამ ტენდენციას და უფრო დეტალურად იყოს ჩახედული, როცა საუბარია სქესობრივ ნიადაგზე ძალადობაზე. მესამე – ჩვენ ასევე უნდა გავატაროთ ცვლილებები თუნდაც საკანონმდებლო სივრცეში. ამ თვალსაზრისით, მე არაერთხელ დავუჭირე მხარი საარჩევნო კოდექსში ქალთა თანასწორობის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს და იმედი მაქვს, რომ პარლამენტში ამას მხარს დაუჭერენ არა მარტო ქალები, არამედ მამაკაცი დეპუტატებიც, ვისთვისაც საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები და საკუთარი თუნდაც მამაკაცობა ვლინდება ქალების დაცვის და მათზე ზრუნვის გამოხატვის თვალსაზრისით. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ გადასაწყვეტი და გადასალახი გვაქვს ბევრი რამ, დაწყებული ძალადობით, დამთავრებული პოლიტიკური ინსტიტუტების დასტაბილურებით და დაბალანსებით. ეს ძალიან ბევრ სიკეთეს მოგვიტანს რამდენიმე თვალსაზრისით: ჩვენ ვიქნებით ის, ვინც ვართ – იდენტური ჩვენი ეროვნული ღირებულებების არა ზოგადი დეკლარაციებით, არამედ ყოფის წესით და ასევე ასეთი საზოგადოება ბევრად ძლიერია ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად და ბევრად უფრო ეფექტურად ვითარდება”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.