“Rooms Tbilisi”-ში გენდერული თანასწორობის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
სასტუმროში “Rooms Tbilisi” დღეს, გენდერული თანასწორობის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროდან “კვირას” აცნობეს, უმაღლესი ჯილდო გენდერული თანასწორობისთვის საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადასცა.
დაჯილდოვების ცერემონია პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ შომბი შარპმა გახსნეს.
2015 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონიას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
გენდერული თანასწორობის მეოთხე ეროვნული კონკურსის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით.
კონკურსი გაეროს ერთობლივი პროგრამის – “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში” ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიების მედია პარტნიორები ჟურნალი “Forbes საქართველო”, Netgazeti.ge და რადიო “თავისუფლებაა”.
გენდერული თანასწორობის ჯილდო ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულებს გადაეცა: უმაღლესი ჯილდო გენდერული თანასწორობისთვის, ჯილდო გენდერული ბალანსისთვის აღმასრულებელ დონეზე, ჯილდო საუკეთესო და ინოვაციური გენდერული პოლიტიკისათვის ორგანიზაციის შიგნით და ჯილდო – საუკეთესო მეწარმე ქალი.