სტიქიით დაზარალებულებმა 7 ივლისიდან მერიის ქონების მართვის სააგენტოს ან შესაბამის გამგეობას უნდა მიმართონ
13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას 7 ივლისიდან, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, შეუძლია შესაბამის გამგეობას ან მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიმართოს.
როგორც “კვირას” თბილისის მერიიდან აცნობეს, დედაქალაქის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა, კარლო ლაფერაძემ და ვაკის რაიონის გამგებელმა, ლაშა აბაშიძემ სასტუმროში „444“ მცხოვრებ სტიქიით დაზარალებულებს, ზარალის ანაზღაურების პროცედურები თავად განუმარტეს.
ლაშა აბაშიძის თქმით, პირველ კატეგორიაში შემავალი სახლების მეპატრონეებმა, ანუ მათ, ვისი სახლიც დანგრეულია ან აღარ ექვემდებარება რეაბილიტაციას, მერიის ქონების მართვის სააგენტოს უნდა მიმართონ.
დაზარალებულებს შეუძლიათ, ზარალის ანაზღაურების წესით დადგენილი ერთ-ერთი ვარიანტი აირჩიონ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახლი რეაბილიტაციას ექვემდებარება, მის გასამაგრებლად, შესაბამის გამგეობას უნდა მიმართონ.
კარლო ლაფერაძის თქმით, ზარალის ანაზღაურების გაცემა წინასწარ დადგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდება. შესაბამისი დასკვნები ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უკვე მომზადებული აქვს, მათ შორის, ქონების საბაზრო ღირებულებასაც ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განსაზღვრავს. ამიტომ, მოსახლეობისგან დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა საჭირო აღარ იქნება.
13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურების წესი საკრებულომ 5 ივლისს დაამტკიცა. წესის მიხედვით, დაზარალებულები ორ კატეგორიად დაიყო.
პირველ კატეგორიაში შედიან ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც აღდგენას არ ექვემდებარება, ხოლო მეორე კატეგორიაში – ოჯახები, რომელთა სახლების აღდგენაც შესაძლებელია.
წესი ზარალის ანაზღაურების ორ ვარიანტს ითვალისწინებს. დაზარალებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავად აირჩიონ, თუ რომელი შეთავაზებით სურთ ზარალის ანაზღაურება.
პირველი ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს პირველ ეტაპზე მიეცემა სულადობის მიხედვით მისთვის განსაზღვრული ფართის ოდენობის თანხა, ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება ოჯახის უძრავი ქონების განსახლების ზონაში მოხვედრა, თბილისის მერია მის უძრავ ქონებას სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით სრულად გამოისყიდის. ამ წესით სარგებლობის შემთხევაში, დადგენილია შემდეგი კრიტერიუმები: ერთი და ორწევრიანი ოჯახისთვის გაიცემა 45 კვ.მ-ის ფართის ადეკვატური თანხა, სამი და ოთხწევრიანი ოჯახისთვის – 65 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა, ხუთი და ექვსწევრიანი ოჯახისთვის – 90 კვ.მ. ფართის ადეკვატური თანხა, ხოლო 7 და მეტწევრიანი ოჯახისთვის – 110 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა.
მოგვიანებით, ოჯახის განსახლების ზონაში მოხვედრის შემდგომ, მისი უძრავი ქონების სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით გამოსყიდვა მოხდება და უკვე გაცემული დახმარების სხვაობის შევსება. ზარალის ანაზღაურების წესის მეორე ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს შეუძლია, პირდაპირ მიმართოს მუნიციპალიტეტს და თბილისის მერია მის უძრავ ქონებას საბაზრო ღირებულებით დაუყოვნებლივ გამოისყიდის.