რამდენიმე მგზავრმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატების შემოტანა სცადა
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატების შემოტანის რამდენიმე მცდელობა აღკვეთეს.
მათი ინფორმაციით, კანადისა და თურქეთის მოქალაქეებს ხელბარგის დათვალიერების შედეგად ნარკოტიკული საშუალების შემცველი პრეპარატები აღმოაჩნდათ.
„სგპ „ვალეს“ კონტროლის ზონაში თურქეთის მხრიდან შემოსული კანადის მოქალაქე ე.ა.ჯ.-ის ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მათ აღმოაჩინეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი პრეპარატი APO-TRAMADOL – 10 აბი, ხოლო თურქეთის მოქალაქე ჰ.ი.-ის ხელბარგის დათვალიერების შედეგად – ნარკოტიკული საშუალების შემცველი პრეპარატი GERALGINE-k – 18 აბი.
ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს.
ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი „ტრამადოლი“ (20 აბი) აღმოაჩნდა სგპ “ყაზბეგის“ ტერიტორიაზე, სომხეთის მოქალაქე ს.ს.-ს. მებაჟე ოფიცრებმა პრეპარატი მგზავრის ხელბარგის სკანერით დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოს“,-აღნიშნულია განცხადებაში.