პროფკავშირი: გასული ერთი წლის განმავლობაში სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოებზე 14 ადამიანი გარდაიცვალა

გასული ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოებზე საქართველოში 14 ადამიანი გარდაიცვალა, 11 კი მძიმედ დაშავდა, – ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისა და საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
ამავე განცხადების თანახმად, 2014 წელს სამუშაო ადგილზე 41 ადამიანი დაიღუპა, 66-მა კი სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა მიიღო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმის დადგენას, თუ რამ გამოიწვია მოულოდნელი ნგრევა დღეს აფაქიძის ქუჩაზე, სპეციალური მოკვლევა სჭირდება.
“ფაქტია, სამშენებლო სექტორში სამუშაოს წარმოება ხშირ შემთხვევებში შრომის უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევებით ხდება. ამგვარი ფაქტების გამომწვევი მიზეზი ძირითადად არასწორად წარმოებული სადემონტაჟო სამუშაოები ხდება ან თავის დროზე უხარისხოდ შესრულებული მშენებლობა, დემონტაჟის პერიოდისთვის კი შეუსწავლელი კონსტრუქციული მდგრადობა.
საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი აუცილებლად მიიჩნევს პრევენციული კომპლექსური ზომების მიღებას იმ საშიში დარღვევების აღმოსაფხვრელად, რაც საქართველოში და კერძოდ სამშენებლო სექტორში არსებობს.
მშენებელთა პროფესიული კავშირი და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ხელისუფლებას შრომის ინსპექციის სრულყოფისკენ მოუწოდებს, რომელმაც სწორედ ამგვარი შემთხვევების პრევენციაზე უნდა იზრუნოს და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს შრომის უსაფრთხოებას, რათა თვიდან ავიცილოთ ლეტალური შედეგები და უმძიმესი ტრამვები.
საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი იზიარებს იმ ტკივილს, რასაც დაღუპული მშენებლების ოჯახები განიცდიან”, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები