გულიკო ზუმბაძემ საკრედიტო ვალდებულებაში მყოფი არასრულწლოვნების ოჯახი მოინახულა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ, კომისიის სამდივნოს თანამშრომლებთან ერთად, მძიმე საკრედიტო ვალდებულებაში მყოფი არასრულწლოვნების – ნოდარ და საბა ბერიაშვილების ოჯახი მოინახულა.
დეპუტატმა ბერიაშვილების საცხოვრებელი სახლი დაათვალიერა, საჩუქრები მიუტანა და არასრულწლოვნების პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
გულიკო ზუმბაძემ ოჯახის მდგომარეობის შესახებ ძმების მეურვესთან – ნანა მახარობლიძესთან ისაუბრა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.
„არასრულწლოვანი ძმების დახმარება მათი პრობლემების საბოლოო მოგვარებამდე გაგრძელდება. საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიამ ბერიაშვილების ოჯახთან დაკავშირებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და გამგეობას მიმართა. მინდა აღვნიშნო, რომ პრობლემის გასაჯაროების შემდეგ, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოჯახს დაუკავშირდა ჯარიმების და დარიცხული პროცენტების გაუქმებას დაჰპირდა“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ და აღნიშნა, რომ ოჯახს ფინანსური სირთულეების გარდა, სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემებიც გააჩნია, რომლის მოგვარების მიმართულებითაც კომისია მუშაობას კვლავაც გააგრძელებს.
კომისიის თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ მსგავს შემთხვევებში, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მიზნით, მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე მიმდინარეობს.
მშობლების გარდაცვალების შემდეგ, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არასრულწლოვანი ძმებისგან საკრედიტო ვალდებულების შესრულებას ითხოვს.