საქალაქო სასამართლო მამუკა ბრეგვაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
მამუკა ბრეგვაძის საქმე, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები იხილავდნენ, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენით დასრულდა. როგორც „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, საქმის განხილვისას ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულის მიმართ ნაწილობრივ გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს და თავისუფლების აღკვეთად 1 წელიწადი მოითხოვეს. თუმცა, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მ. ბრეგვაძე სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა.
„თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის განხილვა ქონებრივი დაზიანების მიყენების ფაქტზე, ბრალდებულ მამუკა ბრეგვაძის მიმართ.
მამუკა ბრეგვაძეს ბრალად ედებოდა ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ე.ი ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით (თაღლითობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.
ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულის მიმართ ნაწილობრივ გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს, კერძოდ, მსაჯულებმა ბრალდებული დიდი ოდენობით მიყენებული ზიანის ნაწილში გაამართლეს, ხოლო ჯგუფურ დანაშაულში გაამტყუნეს. მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, მსაჯულებმა მონაწილეობა მიიღეს სასჯელის დანიშვნის სხდომაში და სასამართლოს სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაციით მიმართეს.
სასამართლომ მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით განუსაზღვრა. 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მ. ბრეგვაძე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.
განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას“, – ნათქვამია განცხადებაში.