„ცა მეტია, ვიდრე 13“ – ხელოვანები დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ

„ცა მეტია, ვიდრე 13“- ასე ჰქვია მარათონს, რომელიც ხელოვანთა ორგანიზებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 15 ივლისს, 21 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. როგორც საქველმოქმედო საღამოს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტეს, კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად 13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.
საღამო ტელეკომპანია „იმედის“ მეშვეობით პირდაპირ ეთერში ტრანსლირდება, სატელევიზო სიგნალს კი ყველა ქართული ტელემაუწყებელი მიიღებს და საკუთარი სურვილის შესაბამისად საეთერო დროს დაუთმობს. იგეგმება საერთაშორისო მარათონის გაშუქება ამერიკის წამყვანი ტელეკომპანიების მიერ, რათა მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა თბილისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის.
„გადავწყვიტეთ, დაზარალებულ მოსახლეობას როგორმე დავხმარებოდით. ამისთვის შევქმენით საინიციატივო ჯგუფი, რომლის წევრებიც არიან: ნიკოლოზ შენგელაია, დავით ევგენიძე, გიორგი ხუციშვილი, ირაკლი კაკაბაძე, დავით საყვარელიძე, ირაკლი გოგია, და მე – გიორგი კვაბზირიძე. ეს არის სოლიდარობის აქცია, რომლის სლოგანია: „ცა მეტია, ვიდრე 13“. ამ სტიქიამ გააერთიანა ყველა, ეს დღე დაზარალებულებთან ერთად სწორედ ამ ერთიანობას ეძღვნება. ჩვენ – ყველა ვდგავართ ერთად. ეს არის ცოცხალი მუსიკის შემსრულებელების, ე.წ. ლაივ ბენდების კონცერტი. საღამო „იმედის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემა, მაყურებელს საშუალება ექნება, გარდა ადგილზე მოსვლისა და ბილეთის შეძენისა, სმს-ებისა და სატელეფონო ზარების საშუალებით დაუდგეს გვერდზე დაზარალებულებს. გაშუქების თვალსაზრისით მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ CNN-თან და BBC- თან. იგეგმება ასევე ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით ერთობლივი სიმღერის ჩაწერა, რომელიც ერთგვარი მოწოდება იქნება, რომ საერთაშორისო ყურადღების მობილიზება მოხდეს იმ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რაც 13 ივნისს დატრიალდა“,- განაცხადა ახმეტელის თეატრის დირექტორმა გიორგი კვაბზირიძემ.
აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს სპორტის სასახლის ადმინისტრაციამ დარბაზი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმო. როგორც სპორტის სასახლის დირექტორმა გიო ხუციშვილმა განმარტა, ბილეთების ფასი, სავარაუდოდ, 5-10 ლარი იქნება, თავად კონცერტში მონაწილეობას კი მომღერლები არა მარტო საქართველოდან, არამედ საზღვარგარეთიდანაც მიიღებენ.
„სპორტის სასახლე საქველმოქმედო ღონისძიებას, როგორც ყოველთვის, უსასყიდლოდ დავუთმეთ, დაახლოებით 10 000 კაცი ეტევა. გაიყიდება ბილეთები და მთელი თანხა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ოფიციალურ ანგარიშზე ჩაირიცხება. მოსახლეობას ფასიანი ზარების საშუალებითაც ექნება საშუალება, რომ აქციაში მონაწილეობა მიიღოს და დაზარალებულ მოქალაქეებს დაეხმარონ. საღამოს განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან განხორციელდება პირდაპირი ჩართვები და ჩვენი – ქართველი შემსრულებლები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან, იქიდან ჩაგვერთვებიან რამდენიმე უცხოელ მომღერალთან ერთად. თვითონ კონცერტი ძალიან დატვირთული და კარგი იქნება. მასში ყველა ის ბენდი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ცოცხლად უკრავს. ბილეთების ფასები ჯერ დაზუსტებული არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, მათი ფასი 5 -10 ლარი იქნება“,- განაცხადა გიო ხუციშვილმა.
ღონისძიების დაგეგმაში ქართველებთან ერთად უცხოელებიც მონაწილეობენ. როგორც პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პუბლიცისტმა ირაკლი კაკაბაძემ განმარტა, ღონისძიებისთვის სტუმრები ამერიკიდან, კანადიდან, ინდოეთიდან, ბელგიიდან, შვეიცარიიდან ჩამოდიან.
„ჩვენი ერთად ყოფნა არაფერი იქნებოდა, რომ არა ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ ყველაფრის სული და გული არიან. მე მინდა თედო მაყაშვილს, ნიკუშა მაჭავარიანს და ახალგაზრდა ქალბატონებს: ელენე კორკოტაშვილს, ოლენა აბრამიშვილს და სხვებს მადლობა გადავუხადოთ. ეს ყველაფერი დგას სოლიდარობაზე. ეს იყო საშინელი ტრაგედია და ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ თბილისი, მართლაც, მწვანე ქალაქი იყოს. დღეს ჩვენთან სტუმრად ჩამოდის ჯონ სამუელი, რომელიც მწვანე კორესპონდენტია მსოფლიოში. ისიც მონაწილეობს ამ ღონისძიების დაგეგმვაში, გვყავს საერთაშორისო სტუმრები ამერიკიდან, კანადიდან, ინდოეთიდან, ბელგიიდან, შვეიცარიიდან“,- განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ.
სარამოს ორგანიზატორებმა, გარდა საღამოს შინაარსობრივი დატვირთვისა, აქცენტი მის ხარისხზეც გააკეთეს, როგორც საღამოს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თედო მაყაშვილმა განმარტა, ღონისძიება ტექნიკური კუთხით ძალიან მაღალი ხარისხის იქნება.
„ტექნიკური თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი საუკეთესო კონცერტი იქნება. იქნება ისეთი გახმოვანების აპარატურა, რომელიც ყოველდღე არ გვხვდება კონცერტებზე. ეს არ ჩატარდება სიმბოლურად, აქ აქცენტი ღონისძიების ხარისხზე იქნება. რაც შეეხება გამომსვლელებს, ყველასათვის საყვარელი დაახლოებით 20 მონაწილე მონაწილეობს. არიან მოწვეული სტუმრებიც, მათ შორის – ვოკალისტი კენ ჰენსლიც“, – აღნიშნა თედო მაყაშვილმა.
საღამოს ორგანიზატორებმა საქართველოს მოქალაქეებს 15 ივლისს კიდევ ერთხელ გაერთიანებისკენ და აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.
„ეს კონცერტი, დაზარალებულთა გარდა, იმ მოხალისეებს მიეძღვნება, რომლებიც სტიქიის ადგილებში დედაქალაქისა და დაზარალებულთა დასახმარებლად მუშაობდნენ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც უსასყიდლოდ დაგვიდგა გვერდით.  ყველას ვთხოვ, რომ 15 – ში ყველა კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ“, – განაცხადა საღამოს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ელენე კორკოტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები