მაია მიმინოშვილმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი სესია შეაჯამა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი სესია შეაჯამა. როგორც მიმინოშვილმა გამოცდის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და არანაირი ხარვეზები არ დაფიქსირებულა.
მიმინოშვილის თქმით, თბილისში გამოცდიდან 2 აბიტურიენტი მოიხსნა, რეგიონებში არანაირი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და მხოლოდ ბათუმის საგამოცდო ცენტრში დააგვიანა ერთმა აბიტურიენტმა. მან აბიტურიენტების გამოცდიდან მოხსნის მიზეზებიც განმარტა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვალენის თქმით, ერთი აბიტურიენტი გამოცდაზე არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადდა, მეორე აბიტურიენტმა კი ფოტოაპარატიანი საათი შეიტანა, რომლითაც ბუკლეტს და საგამოცდო პასუხს სურათი გადაუღო. მიმინოშვილის ინფორმაციით, აღნიშნული მეთვალყურემ დააფიქსირა, აბიტურიენტმა კი აღიარა, რომ ეს ჩაიდინა.
მის მიმართ შესაბამისი ოქმი გაფორმდა და წესების მიხედვით, რაც საგამოცდო სივრცეში ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობის შეტანის აკრძალვას ითვალისწინებს, აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა.
„ეს ნამდვილად სამწუხარო ფაქტია. პირველი დღეა, პირველი ნაკადი და უკვე 2 აბიტურიენტი მოიხსნა გამოცდიდან. შარშანდელს თუ შევადარებთ, მთელი პროცესის განმავლობაში, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. ძალიან მინდა აბიტურიენტები გავაფრთხილო – ნუ გარისკავენ და ნუ გააკეთებენ ასეთ რაღაცას, რადგან მსგავსი ქმედება შესაბამისი ფორმით ისჯება“, – განაცხადა მიმინოშვილმა.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე ნაკადის რეგისტრაცია 14:00 საათზე, 15:00 საათიდან კი, უშუალოდ საგამოცდო პროცესი დაიწყება. ხვალაც 20 000-მდე აბიტურიენტი ქართული ენის გამოცდას ჩააბარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები