ვლადიმერ გურგენიძე საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესწავლის მიზნით საბერძნეთში იმყოფება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ გურგენიძე საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი ქვეყანაში არსებული ვითარების ადგილზე გაცნობა, იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესწავლა და არსებული კრიზისის ფონზე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფაა.
ვიზიტის ფარგლებში, 2015 წლის 2 ივლისს ვლადიმერ გურგენიძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გეორგიოს ციპრასს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საბერძნეთში არსებულ ფინანსურ კრიზისზე და იმ პრობლემებზე, რაც კრიზისის შედეგად საბერძნეთში მცხოვრებ მოსახლეობას, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს შეექმნათ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს მოქალაქეებისათვის არსებულ ერთ-ერთ მწვავე პრობლემად წამოჭრა საბანკო ანგარიშებზე წვდომასა და ფულად გზავნილებთან დაკავშირებულ შეზღუდვები. ქართულმა მხარემ გამოთქვა იმედი, რომ კრიზისი, რომელიც მეგობარ ქვეყანაში შეიქმნა, ახლო მომავალში დაიძლევა და საბერძნეთსა და მის საერთაშორისო კრედიტორებს შორის ურთიერთმისაღები შეთანხმება იქნება მიღწეული.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები, მათ შორის, საბერძნეთის მიერ საქართველოსა და ევროკავშირს შორს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის დაჩქარება, მხარეთა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა, საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა, ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის შექმნა. გეორგიოს ციპრასმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ბერძენი ხალხის მიმართ გამოხატული სოლიდარობისათვის.
მან აღნიშნა, რომ საბერძნეთის მთავრობა ყველა ღონეს იღონებს  საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დასაცავად. ასევე, განაცხადა, რომ, დიდი ალბათობით, 5 ივლისის რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან, ქვეყანაში არსებული საბანკო კრიზისი განიმუხტება. 2 ივლისს ასევე გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ გურგენიძის შეხვედრა საბერძნეთში მოქმედ ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ გურგენიძე სალონიკშიც გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები