ეგვიპტის არმიამ ექსტრემისტებს საპასუხო დარტყმა მიაყენა
სინაის ნახევარკუნძულზე ეგვიპტის შეიარაღებულ ძალებზე თავდასხმის შემდეგ ეგვიპტელმა სამხედროებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს საპასუხო დარტყმა მიაყენეს. Skynewsarabia-ს ცნობით, სახმელეთო ოპერაცია საჰაერო ძალების მხარდაჭერით განხორციელდა, გასული ღამის განმავლობაში 23 ტერორისტია ლიკვიდირებული. გასულ დღეს გავრცელდა ინფორმაცია 100 „ბოევიკის“ განადგურების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტელ ჯარისკაცებზე ბოლო დროს მომხდარი ყველაზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა სამხედროა. ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ტერორისტებმა ყუმბარმტყორცნები და სარაკეტო დანადგარები გამოიყენეს. მათ 5 ბლოკ-საგუშაგო მთლიანად გაანადგურეს. გარდა ამისა, რამდენიმე ერთეული ჯავშანტექნიკა, მათ შორის ტანკები ხელში ჩაიგდეს.
ეგვიპტის შეიარაღებული ძალების მეთაურობის განცხადებით, სინაის ნახევარკუნძულზე ოპერაცია „ბოევიკები“ სრულ განადგურებამდე გაგრძელდება.