საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი კრედიტორების მხარდაჭერის შემთხვევაში გადადგომას აპირებს
საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა განაცხადა, რომ რეფერენდუმზე კრედიტორების მოთხოვნების მხარდაჭერის შემთხვევაში ის თანამდებობიდან გადადგება. ამის შესახებ მან Bloomberg TV-სთან ინტერვიუში განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ უფრო „ხელს მოიჭრის“, ვიდრე ისეთ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, რომელიც საბერძნეთს ვალების რესტრუქტურიზაციის საშუალებას არ მისცემს. „იმედი მაქვს, ჩვენ რეფერენდუმზე გავიმარჯვებთ“, – განაცადა საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა.
საბერძნეთში 5 ივლისს რეფერენდუმი გაიმართება, რომელზეც მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას: თანახმანი ხართ თუ არა, კრედიტორების მოთხოვნები გაითვალისწინოთ? საბერძნეთის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამ კითხვას უარყოფითად უპასუხებს. საბერძნეთს 30 ივნისამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის 1,6 მილიარდი ევრო უნდა გადაეხადა. თუმცა ეს არ მოხდა. ამ ვალის არგადახდა დეფოლტს ნიშნავს. ეს დეფოლტის პირველი შემთხვევა იქნება განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაში.