სახელმწიფო ბაკალავრიატის 21 სპეციალობას დააფინანსებს

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის 21 სპეციალობას 2015-2016 სასწავლო წელს სახელმწიფო დააფინანსებს.
საერთო ჯამში, 5 653 სტუდენტს სწავლა აგრონომიის, ვეტერინარიის, მეცხოველეობის, სასურსათო ტექნოლოგიის, სატყეო საქმის, განათლების მეცნიერების, მასწავლებლის განათლების, საინჟინრო ფიზიკის, ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის, მშენებლობის სპეციალობებში დაუფინანსდება.
გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, აბიტურიენტებს სახელმწიფო სწავლას ასევე, აგროინჟინერიის, მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების/გამოყენებითი მეცნიერებების, ეკონომიკის, ისტორიის, ფილოლოგიის, მათ შორის, ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით, ფილოსოფიის, არქიტექტურისა და არქეოლოგიის სპეციალობებში დაუფინანსებს. რაც შეეხება უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მიერ რეგისტრირებულ ადგილებს, უფასო ფაკულტეტებზე ჩაბარების შემთხვევაში, აბიტურიენტებისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – 1 225 ადგილი, ტექნიკურ უნივერსიტეტში – 1 900, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში – 970, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – 310, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში – 200, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში – 228, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში – 460 და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში – 360 ადგილია გათვალისწინებული.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2015 ხვალ იწყება და 22 ივლისს დასრულდება. ეროვნულ გამოცდებზე ამ დროის მონაცემებით, დაახლოებით, 39 000 აბიტურიენტია რეგისტრირებული. სტუდენტობის 1 300 მსურველი ეროვნულ გამოცდებს უკვე გამოეთიშა, რადგანაც მათ სასკოლო გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს.
წელს, პირველკურსელი სტუდენტებისთვის, საერთო ჯამში, 44 000-მდე საუნივერსიტეტო ადგილია გამოყოფილი. მათ საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლები მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები