დევნილთა და განსახლების სამინისტრომ 79 დევნილის საქმე პროკურატურას გადაუგზავნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 79 დევნილის საქმე შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაუგზავნა. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციასთან დაკავშირებით სამინისტროში მოქმედმა კომისიამ განიხილა იმ დევნილთა შემთხვევები, რომლებმაც გაყალბების გზით მიიღეს დევნილის სტატუსი და, ამავდროულად, სახელმწიფოს მხრიდან დაკანონებული აქვთ საცხოვრებელი ფართი, ან აღებული აქვთ ფულადი კომპენსაცია – ასეთი სულ 23 ოჯახია. ამ ოჯახებს, სამინისტროს კომისიის გადაწყვეტილებით, ოჯახის წევრებთან ერთად, ჩამოერთვათ დევნილის სტატუსი. ოჯახის წევრებმა კი კომისიასთან გასაუბრების შედეგად აღიარეს, რომ არ იყვნენ დევნილები, გაყალბებული ჰქონდათ დევნილის სტატუსი და ითხოვდნენ, მათზე ამოქმედებულიყო 2013 წლის 30 დეკემბრის ამინისტია.

კომისიამ განიხილა რ.ქ.-ს საქმე, რომელმაც 2004 წელს ა.კ.-ს სახელით აიღო აფხაზეთიდან დევნილის სტატუსი და თბილისში, ერთ-ერთ კომპაქტურ ჩასახლებაში დაირეგისტრირა საცხოვრებელი ფართი, რომელიც 2012 წლის 11 სექტემბერს საკუთრებაში გადაეცა, რასაც საჯარო რეესტრის ამონაწერიც ადასტურებს. 2015 წლის მარტში კი ვინმე რ. ქ.-მ მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ა. კ.-ს სახელზე დარეგისტრირებული საკუთრების მის სახელზე გადაფორმება იმ მოტივით, რომ ა. კ. და რ.ქ. ერთი და იგივე პიროვნება იყო.

კომისიამ ასევე იმსჯელა იმ დევნილთა შესახებ, რომლებმაც მიიღეს კომპენსაცია და პარალელურად, საცხოვრებელი ფართი დაუკანონდათ. ერთ შემთხვევაში, კომპენსირებულია 8 ოჯახი, ბინა და კომპენსაცია ერთსა და იმავე პირზეა გაცემული, მეორე შემთხვევაში კი დაკანონებული და კომპენსირებულია 48 ოჯახი, თუმცა, ბინა და კომპენსაცია ოჯახის სხვადასხვა წევრზეა გაცემული.

აფხაზეთიდან დევნილი ჯ.მ. -ს დევნილის სტატუსი 1996 წლის 21 აპრილს მიენიჭა. ის სასტუმრო ,,ივერიადანაა“ გამოსახლებული და მიღებული აქვს კომპენსაცია – 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. ამჟამად, ჯ.მ. ოჯახთან ერთად დევნილად რეგისტრირებულია თბილისში და მას საცხოვრებელი ფართი 2012 წლის 31 ოქტომბერს საკუთრებაში გადაეცა, რასაც საჯარო რეესტრის ამონაწერიც ადასტურებს. აღმოჩნდა, რომ ამ პიროვნებას, ერთ შემთხვევაში მიღებული აქვს კომპენსაცია სასტუმრო ,,ივერიადან“, ხოლო მეორე შემთხვევაში, დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი.

სარეგისტრაციო კომისიამ მიიჩნია, რომ შესაძლოა, აღნიშნული შემთხვევები შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და ამიტომ ეს საქმეები მოკვლევისთვის საქართველოს პროკურატურას გადაუგზავნა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტთან აქტიური ურთიერთანამშრომლობის შედეგად, დააკავა მოქალაქე რამაზ არონია.

მოქალაქე რამაზ არონია, რომელიც თავადაც აფხაზეთიდან დევნილია, თაღლითური გზით, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში სახლის შეძენის პროცესში დახმარების აღმოჩენის მიზნით მოქალაქე ლ.ქ.-ს 2 000 ლარს სძალავდა.

დევნილთა და განსახლების სამინისტრო მიმართავს იძულებით გადაადგილებულ პირებს-დევნილებს, რომ არ წამოეგონ მსგავს თაღლითურ დაპირებებს და აფრთხილებს, რომ მხოლოდ დევნილთა და განსახლების სამინისტროში მოქმედი კომისიაა უფლებამოსილი ორგანო, რომელიც კრიტერიუმების შესაბამისად ანაწილებს საცხოვრებელ ფართებს. კომისიის მუშაობაში, გარდა სამინისტროს თანამშრომლებისა, ჩართულნი არიან ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები. პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ღიაა მედიისთვისაც“,- აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები