ზაზა პაპუაშვილი: მარიხუანის გამო სასჯელი კანონიერი არასდროს ყოფილა

უმრავლესობის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი თვლის, რომ მარიხუანის გამო სასჯელი კანონიერი არასდროს ყოფილა. როგორც დეპუტატმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ნარკომანიის გამო, 90-იან წლებში უამრავი ახალგაზრდა ჩაწვა მიწაში და ამ სენმა ქვეყანას კარგი არაფერი მოუტანა.
„მეც ვღელავ და ვფიქრობ იმაზე, რომ არ უნდა გაატყავო ადამიანი ამის გამო და საკითხი დაბალანსებული უნდა იყოს. სწორი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. თუ 90-იან წლებს ავიღებთ, მაგალითად, გული მწყდება, რომ უამრავი ახალგაზრდა მიწაში ჩაწვა ამ სენის გამო. ნარკომანია ეს მსოფლიოს სენია. ამ სენმა კარგი რამე არ დაგვმართა. ადამიანები გაგვიქრნენ ხელში. ყველა სფეროს დააჩნია კვალი. ეს არის საწუხარი და არა ის, დაგიჭირო ამის გამო, თუ არა. თუ ასე წავალთ, აგერ ახლა წამოვა პროვოკაციული თემები ერთსქესიანთა ქორწინებებზე, მერე ნარკომანების აღლუმი უნდა გვქონდეს, მერე ვიღაცას ყბაყურა ექნება, ვიღაცას ქუნთრუშა და არ დამთავრდება ასე”, – განაცხადა დეპუტატმა.
ცნობისთვის: მარიხუანის დეკრიმინალიზაციის პროექტი უმცირესობის წევრს გოგა ხაჩიძეს ეკუთვნის. დეპუტატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების პირველ ჯერზე მოხმარება 500 ლარის ნაცვლად 100 ლარით უნდა დაჯარიმდეს, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 300 ლარით. ავტორის ინიციატივით, ასევე, ჩამოთვლილ მსუბუქ ნარკოტიკებზე (კანაფი, კანაფის ფისი და მარიხუანა) არ გავრცელდება 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები