დედაქალაქის საკრებულომ საფეხბურთო კლუბს ცხინვალის ,,ცხინვალს” უმასპინძლა
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფეხბურთო კლუბის ცხინვალის ,,ცხინვალი“ მიღება გაიმართა.
აღნიშნული ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის ქეთევან ჯოხაძის ინიციატივით შედგა და ის საქართველოს ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გასული საფეხბურთო კლუბის ცხინვალის ,,ცხინვალი” ფეხბურთელების მიერ ევროპის ლიგაზე მონაწილეობის უფლების მოპოვების აღსანიშნავად გაიმართა.
გუნდის ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელობას ქეთევან ჯოხაძე მიესალმა და მათ წარმატებები უსურვა.
“თითოეული ჩვენგანისთვის საამყოა თქვენი გამარჯვება. მინდა წარმატება და მომავალი მატჩების საკუთარ ქალაქში, ცხინვალში ჩატარება გისურვოთ”,- განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.
“საკრებულოს დეპუტატების ქეთევან ჯოხაძისა და მურთაზ შელიას ინიციატივით, დღეს საკრებულოს ისტორიულ დარბაზში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ვულოცავ ბიჭებს წარმატებას და მათ საკუთარი ქვეყნის ღირსების დასაცავად კიდევ არაერთ გამარჯვებას ვუსურვებ”,- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა.
ქართველ ფეხბურთელებს გამარჯვება საკრებულოს დეპუტატებმა რიმა ბერაძემ, კობა კობალაძემ, დავით უთმელიძემ და გუნდის პრეზიდენტმა მურთაზ შელიამ მიულოცეს და მათ მხარდაჭერას დაჰპირდნენ.
საფეხბურთო კლუბი ცხინვალის ,,ცხინვალი” ევროპის ლიგაზე რუმინეთის გუნდს “ბოტოშანს” შეხვდება.