დავით ნარმანია დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
თბილისის მერი დავით ნარმანია დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციის წევრებმა, რომლის შემადგენლობაშიც ევროპის საინვესტიციო ბანკის, მსოფლიო ბანკის, აშშ-ს სატყეო სამსახურისა და აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის წარმომადგენლები შედიოდნენ, თბილისის მერთან ერთად ვერეს ხეობა ვერტმფრენით დაათვალიერეს.
დღესვე შედგა შეხვედრა თბილისის მერიაში, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია და მისი მოადგილეები – გიორგი ხელაია და ირაკლი ლექვინაძე ესწრებოდნენ.
უცხოელი სპეციალისტები სტიქიის სალიკვიდაციო მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმას გაეცნენ, რის შემდეგაც სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად აუცილებელ ფინანსურ საჭიროებებს განსაზღვრავენ.
„მისასალმებელია, რომ სწრაფი და ადეკვატური იყო საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების გამოხმაურება თბილისში მომხდარ სტიქიაზე, რისთვისაც მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვერეს ხეობის უსაფრთხოების პროექტის განხორციელებაში თქვენი მხარდაჭერა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახმარება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.