გია სოსანაშვილმა მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვაზე უარი თქვა
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გია სოსანაშვილმა დღევანდელ პროცესზე უარი თქვა, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.
ამის შესახებ ინფორმაცია იური ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა გიგი მოსიაშვილმა გაავრცელა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ საქმე არსებით განსახილველად გადასცა.
როგორც საქმის პროკურორმა ლევან ბაჩიაშვილმა განაცხადა, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად იქნა ცნობილი.
„სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა დნმ-ის ექსპერტიზის დაუშვებლად ცნობაზე, ვინაიდან, სასამართლომ ჩათვალა და როგორც მასალებიდან არის დადასტურებული, კანონის სრული დაცვით არის მოპოვებული ყველა აღნიშნული მტკიცებულება“, – განაცხადა პროკურორმა.
არსებითი განხილვა აღნიშნულ საქმეზე 13 ივლისის 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.