„ფულის გულისთვის კაცი მოკალი“ – ხმაური იური ვაზაგაშვილის პროცესზე
საქალაქო სასამართლოში იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს. პროცესზე გარდაცვლილის დამ, მანანა ვაზაგაშვილმა ბრალდებულ გია სოსანაშვილს ხმამაღლა მიმართა, რის შემდეგადაც მოსამართლის გადაწყვეტილებით დაზარალებულმა მხარემ პროცესი დატოვა.
„ფულის გულისთვის კაცი მოკალი, შე არაკაცო“! – ასე მიმართა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილს მოკლულის დამ.
პროცესზე მხარეები მტკიცებულებების ნუსხას წარადგენენ, რის შემდეგაც მოსამართლე მათი დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებს.
გარდაცვლილის დის – მანანა ვაზაგაშვილის რეპლიკას მოსამართლის მოწოდება მოჰყვა, რის შემდეგადაც მანანა ვაზაგაშვილმა და სხვა პირებმა, რომლებიც ამ საქმის მოწმეები არიან, დარბაზი დატოვეს. სოსანაშვილი ამ დრომდე სასამართლო პროცესზე დუმილის უფლებას იყენებს.