„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 100 000 ლარი გამოყო

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ, თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ფონდში, 100 000 ლარია მობილიზებული.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მიიჩნევს, რომ სტიქიით მიყენებული სოლიდური ზარალის სალიკვიდაციოდ მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა საკმარისი არ არის, ამიტომ, მზადყოფნას გამოთქვამს, დედაქალაქის დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით, თბილისის მთავრობასთან ერთად, მშენებლობის პროცესში ჩაერთოს.
კომპანია, შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, 14 ივნისის ღამიდან, ინტენსიურ, 24-საათიან რეჟიმში, გაძლიერებული შემადგენლობით – ცვლაში 35 ტექნიკური ბრიგადით მუშაობს და, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებთან კოორდინაციაში, განაგრძობს სტიქიით დაზიანებული წყალსადენისა და წყალარინების სისტემების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. კომპანიამ შეძლო, უმოკლეს დროში აღედგინა სტიქიით დაზიანებული 5 მაგისტრალური მილდენი, ოპერატიულად განეხორციელებინა დროებითი ღონისძიებები საკანალიზაციო კოლექტორის დაზიანებით გამოწვეული შედეგების გასანეიტრალებლად, ასევე აღმოეფხვრა 200-ზე მეტი საშუალო და მცირე დაზიანება ქსელებზე.
შექმნილი კრიზისული ვითარების გათვალისწინებით, დღემდე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ლაბორატორიის სპეციალისტებიც და თბილისის უბნებში წყლის სინჯებს იღებენ. პარალელურად, როგორც წესი, წყლის ხარისხს ლაბორატორიულად იკვლევენ წყალსადენის ქსელებზე ჩატარებული ყოველი სამუშაოს დასრულების შემდეგ. ლაბორატორიულ კვლევაში, მონაწილეობს სურსათის ეროვნული სააგენტო და ჩართულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც.
ამასთან, კომპანია ყოველთვის მზად არის, დახმარება გაუწიოს თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებს სტიქიის ზონებში მიმდინარე სამუშაოების ჩატარებისას, მათ შორის ზოოპორკის ტერიტორიაზე, სადაც ხშირია ქსელების დაზიანების შემთხვევები.
მიუხედავად იმისა, რომ სტიქიის შედეგად კომპანიამ თავადაც მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა, დედაქალაქის მასშტაბით, ყველა უბანში, შენარჩუნებულია უწყვეტი წყალმომარაგება და ზედმიწევნით დაცულია სასმელი წყლის მაღალი ხარისხი“, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები