ქართული ღვინის მსოფლიო ბაზარზე წარმატების შესახებ კონფერენცია გაიმართა – ვიდეო
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კომპანია “მეღვინეობა ხარებას” ორგანიზებით, მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის წარმატებებისა და პერსპექტივების შესახებ სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი სამანიშვილმა გახსნა. მინისტრის მოადგილემ ქართული ღვინის მსოფლიო ბაზარზე პოპულარიზაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. ასევე, აღნიშნა, რომ ქართული ღვინო და ღვინის წარმოება საქართველოს კულტურის ნაწილია. როგორც სამანიშვილმა განაცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება და ქართული ღვინის წარმოების ხელშეწყობაა.
“ამ ღონისძიებით კიდევ ერთი აგურის დადებას აღვნიშნავთ იმ მიმართულებით, რომ ქართულმა ღვინომ დაიკავოს დამსახურებული ადგილი მსოფლიო ბაზარზე. დღეს, რა თქმა უნდა, ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ გვჭირდება დრო და ვიმედოვნებ, მივაღწევთ იმ მდგომარეობას, რასაც ვიმსახურებთ. ჩვენ გვაქვს სტრატეგია, როგორ უნდა განვავითაროთ და გავხადოთ ცნობილი ქართული ღვინო, ქართული ვაზისა და ღვინის კულტურა მსოფლიოში. ამისთვის, გვჭირდება ცოტა დრო, ცოტა ფინანსები და ის ერთიანი მუშაობა, რომელიც უკვე, რამდენიმე წელია დაიწყო. უკვე საუბრობენ ქართულ ღვინოზე იმ მაღალი კულტურის მქონე ქვეყნებში, სადაც ქართული ღვინო საერთოდ არ იცოდნენ. უკვე სვმამენ კითხვებს, ითხოვენ, განსაკუთრებით, განსხვავებულ ღვინოებს, როგორიცაა საფერავი, ასევე, ქვევრის ღვინო, რაც მათთვის უცხო იყო. ქართული ღვინო მათთვის უფრო პოპულარული ხდება და ზოგადად, საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება, სადაც ღვინოს ახალ გემოს აღმოაჩენ“, – განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.
კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ წარმოების დირექტორმა და მთავარმა მეღვინემ, ვლადიმერ კუბლაშვილმა „კვირას“ კომპანიის წარმოებული ღვინოების მიერ საერთაშორისო გამოფენებში მოპოვებულ წარმატებასა და ჯილდოებზე ესაუბრა.
„ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ აღვნიშნოთ და ფართო საზოგადოებას გავაცნოთ იმ წარმატების შესახებ, რასაც ქ. ბორდოში მივაღწიეთ. მოგახსენებთ, რომ წელს იქ გამართულ ღვინის პრესტიჟულ შეჯიბრებაში ოქრო და დიდი თასი, რაც არა მარტო ჩვენი კომპანიის „მეღვინეობა ხარებას“, არამედ მთლიანად ქართული ღვინის მიღწევა არის და გვინდა, რომ მომავალში ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ წარმატებებით“, – განაცხადა ვლადიმერ კუბლაშვილმა.
კონფერენციაზე მსოფლიოში ცნობილი ღვინის მაგისტრი, ლიზა გრანიკი მოხსენებით გამოვიდა, რომელმაც საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის წარმატებასა და პერსპექტივებზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ტიტული – ღვინის მაგისტრი – უმაღლესი რეგალიაა მეღვინეობის სფეროში. მსოფლიო მასშტაბით სულ 300-მდე ღვინის მაგისტრია, მათ შორის, ლიზა გრანიკი.
ღონისძიებას ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების, სამთავრობო, არასამთავრობო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერი პორტალი “კვირა” იყო.