ოთარ დანელია შირაქის ველზე ხორბლის ჯიშების გამოცდის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია კახეთის რეგიონის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შირაქის ველზე, ხორბლის ჯიშების გამოცდის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო. პროექტს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შპს ,,მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანია“ უკვე მეორე წელია ახორციელებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ხორბლის ჯიშთა გამოცდა საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში (ახალციხე, გორი, ბოლნისი, თელავი და დედოფლისწყარო) მიმდინარეობს. ოთარ დანელია ქერის მოსავლის აღების პროცესსაც დაესწრო და შირაქის ველზე დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას.
მინისტრმა საშემოდგომო ხორბლის ჯიშთა გამოცდის პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მარცვლეული კულტურების წარმოების ზრდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ხარისხიანი სათესლე მასალის გამოყენებაა.
,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, დაიწყო პროექტი, რომელიც ხორბლის წარმოების ხელშწყობას ითვალიწინებს. პროექტის მთავარი მიზანი ხორბლის საშუალო მოსავალიანობის ზრდა წარმოადგენს. ერთი მხრივ, პროექტი ადგილობრივი წარმოების განვითარებას და იმპორტის ჩანაცვლებასაც და, მეორე მხრივ, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ წელს ქერის კარგი მოსავალია და სავარაუდოდ, ხორბლის მოსავალიც კარგი იქნება“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
ხორბლის ჯიშთა გამოცდის პროექტის მიზანია, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის და პროდუქციის ხარისხის გაზრდა; სათესლე მასალის გამოცდის გზით ყველა ნიადაგურ-კლიმატური ზონებისათვის ხორბლის ოპტიმალური ჯიშების გამოვლენა და პერსპექტიული ჯიშების დანერგვა/აპრობირება საწარმოო ფართობებში. თესლის გამოცდის 2 წლის შედეგების გათვალისწინებით, ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ცალკეული რეგიონის ნიადაგურ-კლიმატური პირობებთან ადაპტირებული ხორბლის მაღალხარისხიანი სათესლე მასალა.
აღნიშნული პროექტის განხორციელება, ხელს შეუწყობს საშემოდგომო ხორბლის ძველი ჯიშების, ახალი, მაღალპროდუქტიული ჯიშებით ჩანაცვლებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსავლის ხარისხსა და რაოდენობას. ჯიშთა გამოცდის პერიოდში სპეციალისტები დაკვირვებას ახორციელებენ ხორბლის 32 ჯიშზე, მათ შორის 5 ქართული, 7 ავსტრიული, 3 ამერიკული და 17 სტავროპოლის მხარის ჯიშია. შირაქის ველზე შპს ,,მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები