ნოდარ ხადური რომან გოცირიძეს პასუხობს

ფინანსთა მინისტრი ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებას პასუხობს. ნოდარ ხადური რომან გოცირიძის განცხადებას “აბსოლუტურად უპასუხისმგებლოს” და „თითიდან გამოწოვილს“ უწოდებს. ფინანსთა მინისტრი ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში ურჩევს, რომ ინფორმაციები სწორად გადაამოწმოს.
როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, გოცირიძე აკეთებს ისეთივე განცხადებას, როგორც მართავდა საქართველოს ეკონომიკას კუპონის დროს.
“ბატონი რომან გოცირიძე აკეთებს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებებს. ამას ვამბობ ძალიან გულწრფელად, ის აკეთებს ისეთივე განცხადებებს, როგორც მართავდა საქართველოს ეკონომიკას კუპონის დროს. მისივე განცხადებები არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი, საუბრობს ვითომ სავარაუდო შემოსავლებზე ლიცენზიებიდან, მას შეუძლია უბრალოდ გადაამოწმოს და ნახოს, რომ აღნიშნული ლიცენზიებიდან ფული უკვე შემოდის საქართველოს ბიუჯეტში. რა თქმა უნდა, დღევანდელ კურსზეა გათვლილი საქართველოს ბიუჯეტი. ერთი რა მინდა ასევე ვთქვა, ჩვენ ნამდვილად შევამცირეთ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი სამინისტროებსა და უწყებებში და ამავე დროს ნამდვილად იმის გამო, რომ სტიქია მოხდა საქართველოში, ჩვენ გვიწვეს თანხების მიმართვა სტიქიურ უბედურებებზე. ძალიან მაინტერსებს, გოცირიძე სხვანაირად თუ მოიქცეოდა, როგორ იქცეოდა ის, როცა ვიცე-პრემიერი ან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო, მეც ძალიან კარგად მახსოვს და საქართველოს მოსახლეობასაც, გაცვლით კურსზე მაშინ ენერვიულა, გინდა ერთ დროს, გინდა მეორე დროს”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, “ეკონომიკური განვითარების ცენტრის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ფინანსთა მინისტრი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბასვილს ატყუებს. გოცირიძის ინფორმაციით, ბიუჯეტის შემცირება 250-300 მილიონი ლარის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. როგორც გოცირიძე აცხადებს, თუ ბიუჯეტის შეკვეცა 140 მილიონი ლარი იქნება, “ეს არ არის საკმარისი ბიუჯეტის დეფიციტის იმ ზომით შესამცირებლად, რომ მიღწეული იყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა და არ ველოდოთ ლარის შემდგომ გაუფასურებას”.
მისივე თქმით, დღეისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი მთავრობის ხაზინის ანგარიშზე გაზრდილია 230 მილიონი ლარით, ანუ ბიუჯეტში მეტი ფულია მობილიზებული, ვიდრე დახარჯული (ამაში შედის სახაზინო ვალდებულებების განთავსებით მიღებული შემოსავლებიც).
„უკვე ბევრჯერ შევამჩნიე, რომ ფინანსთა სამინისტრო ატყუებს პრემიერ-მინისტრს. იგი აკეთებს განცხადებებს სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით და ინტერპრეტაციით, ხოლო რეალობა აღმოჩნდება სულ სხვა. ბოლო ასეთი, მე ვიტყოდი სკანდალური ფაქტია ბიუჯეტის ხარჯებთან დაკავშირებული მოვლენები. სამინისტროები საგმირო საქმესავით გვამცნობენ, თუ როგორ შემოუჭირეს ქამრებს და შეამცირეს ხარჯები. სინამდვილეში ერთი მუხლიდან (სამინისტროდან) მოხდა მეორეში თანხების გადატანა. არ მომხდარა ბიუჯეტის ხარჯების შემცირება არც ერთი თეთრით. კორექტირებული ბიუჯეტი არის გაცილებით უარესი, ვიდრე თავდაპირველი, რადგან: – მცირდება შემოსავლების ყველაზე ჯანსაღი, საგადასახადო ნაწილი 200 მილიონი ლარით. მისი ჩანაცვლება ხდება მომავალში, სავარაუდოდ, მისაღები სალიცენზიო შემოსავლით, ახალი თაობის მობილური კავშირგაბმულობის სიხშირის გაყიდვიდან. აგრეთვე, შემოსავლების დანაკლისის დაბალანსება ხდება ციფრების მანიპულაციით. ნაჩვენებია გრანტებისა და კრედიტების ზრდა 224 მილიონი ლარის ოდენობით. სინამდვილეში არავითარი ახალი უცხოური დაფინანსება არ შემოდის. იგივე რჩება, რაც იყო ბიუჯეტში, ოღონ გადაანგარიშებულია ახალი, ლარის გაუფასურებული კურსით: 1დოლარი თუ თავიდან 1,85 ლარად იყო ნაანგარიშები, ახლა 2,25 ლარია. -იზრდება საგარეო ვალის გასტუმრების ხარჯი 53 მილიონი ლარით. სინამდვილეში იგივეს გადახდა ხდება უცხოურ ვალუტაში. ზრდა გამოწვეულია ლარის გაუფასურებული კურსით გადაანგარიშების გამო. მაკროეკონომიკური თვალსაზრისით კორექტირებული ბიუჯეტი უარესია წინაზე და არ უწყობს ხელს სავალუტო სტაბილურობას. ხარჯვა კვლავინდებურად არათანაბარზომიერია და დიდი ნაწილი კვლავ დააწვება ბოლო ორ თვეს, როგორც მოხდა წინა წლებში და რაც იყო ლარის დევალვაციის ერთ-ერთი საშინაო მიზეზი. დღეისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულია ხარჯი 4,1 მილიარდი ლარის ოდენობით. დარჩენილ პერიოდში დასახარჯია 5,4 მილიარდი, რაც გასული ორი წლის სცენარს ემსგავსება.
მიუხედავად იმისა, რომ შემცირებულია შიგა ვალი 100 მილიონი ლარით, ამას არ მოუხდენია დადებითი გავლენა ბიუჯეტის დეფიციტზე, ვინაიდან მისი ჩანაცვლება მოხდა დეფიციტური დაფინსების სხვა წყაროებით ( საგარეო ვალის ზრდა 184 მილიონი ლარით). მთლიანობაში მთავრობა მოიქცა უპასუხისმგებლოდ. არ შეამცირა ბიუჯეტი თუნდაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მოსალოდნელი კლების პროპორციულად. თუ გავითვალისწინებთ ექსპორტის სერიოზულ კლებას, უცხოური ინვესტიციების შემცირებას, უცხოეთიდან გადმორიცხვების შემცირებას და არ თუ ისე სახარბიელო სურათს ტურისტული სეზონის თვალსაზრისით, რისკები კვლავ საკმაოდ რჩება. ფინანსთა სამინისტრო, როგორც ჩანს, შეგნებულად უმალავს მთავრობას და საზოგადოებას რეალურ ვითარებას, მთელი აქცენტები გადააქვს ეროვნულ ბანკზე და ე.წ. საგარეო ფაქტორებზე და ამით ცდილობს მშრალად გამოსვლას კრიზისული ვითარებებიდან. გამოსდის ეს კიდევაც, რაც მთავრობის წევრებისა და სხვა ზემდგომების დაბალი ეკონომიკური კვალიფიკაციით თუ შეიძლება აიხსნას“, – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი, დაახლოებით, 140 მილიონი ლარით მცირდება. ფინანსთა მინისტრმა გუშინ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ნაცვლად 5 პროცენტისა, იქნება 2 პროცენტი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს კანონით გათვალისწინებულ ნორმას იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 3 პროცემტამდე იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები