ტაქსისტი, რომლის დასაქმებაც პრემიერმა ნარმანიას დაავალა: შოკში ვიყავი…
თბილისის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ სრულიად საქართველო დაზარალებულებისთვის გაერთიანდა.
მათ შორისაა 24 წლის ახალგაზრდა გიორგი ლომიძე, რომელიც საკუთარი ავტომობილით მოხალისეებს უფასოდ ემსახურება.
გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქალაქის მერს დავით ნარმანიას ინიციატივით მიმართა, რომ გიორგი ლომიძისთვის სამსახური გამოეყო.
აღნიშნულ ინიციატივას გიორგი ლომიძე გამოეხმაურა. ის პრემიერის ამ ინიციატივით ძალიან ბედნიერია.
„ბატონი პრემიერის განცხადება რომ ვნახე, შოკში ვიყავი, ძალიან გაოცებული დავრჩი. რაც შეეხება სამსახურის თემას, ძალიან მოხარული ვიქნები, თუ რეალურად გამოვა, უბედნიერესი ადამიანი გავხდი“, – განაცხადა გიორგი ლომიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომა გუშინ 24 წლის გიორგი ლომიძეზე საუბრით დაიწყო, რომელიც ორი წელია, ტაქსის მძღოლად მუშაობს, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში მგზავრებს უფასოდ ემსახურება.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ის არის გამორჩეული ახალგაზრდა, რომელსაც დაფასება სჭირდება.
„ვფიქრობ, ეს 24 წლის ახალგაზრდა უკვე გამორჩეული ადამიანია. ჩვენ უნდა ვეძიოთ ასეთი ადამიანები, გამოვარჩიოთ საზოგადოებისგან. ვფიქრობ, ამ ახალგაზრდა კაცს, სტიქიის დასრულებისთანავე, თქვენ სამსახურიც უნდა მოუძებნოთ“, – მიმართა პრემიერმა თბილისის მერს.