„წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზის რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტზე მუშაობა მიმდინარეობს“
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზის რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტზე მუშაობა მიმდინარეობს. როგორც პრემიერმა საგანგებიო შტაბის სხდომაზე აღნიშნა, ექსპერტები გეოლოგიურ კვლევებს უკვე ატარებენ.
“საგზაო დეპარტამენტის მონაცემებით, წყნეთი ბეთანიის მიმართულებაზე ექსპერტები ატარებენ გეოლოგიურ კვლევებს. წინასწარი მონაცემებით, ჩამოშლილი გზის აღდგენითი სამუშაოების წარმოება ამ ეტაპისთვის სახიფათოა. შესაბამისად, მიმდინარეობს წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზის რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტზე მუშაობა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის ინფორმაციით, სრულად გაწმენდილია ბაგების ხევის კოლექტორი და ამჟამად მისი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
“წყნეთის ქუჩაზე ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახური. დაიგეგმა სტიქიის დროს წყლის მოვარდნის შედეგად ძრიგამოთხრილი ავარიული ავტოფარეხის დემონტაჟი, რათა მან ნაპირსამაგრი სამუშაოების დროს პერსონალს არ შეუქმნას საფრთხე.
ბაგების ხევის კოლექტორს რაც შეეხება, გარედან სრულად არის გაწმენდილი ნაშალი მასალისგან და ხე-ტყისგან. მიმდინარეობს კოლექტორის აღდგენითი სამუშაოები და ეწყობა ჯებირები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.