საარჩევნო ადმინისტრაცია სტიქიით დაზარალებულებს ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს

დღეს გამართულ სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა და თანამშრომლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სტიქიური უბედურების დროს გარდაცვლილთა ხსოვნას. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს.

საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, კომისიის წევრების სრული კონსენსუსითა და თანხმობით, სხვადასხვა ხარჯის ეკონომიის შედეგად, სტიქიით დაზარალებულთათვის სახელმწიფო ბიუჯეტში 367 000 ლარი გადაირიცხება. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის – როგორც ცესკოს ისე საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები დაზარალებულებისთვის „ლიბერთი ბანკში“ გახსნილ ანგარიშზე პირადი ფინანსური შემოსავლებიდან რამდენიმე ათას ლარს გადარიცხავენ.

ცესკოს თითოეული წარმომადგენლის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ფინანსურ დახმარებას ასევე მიიღებს სვანიძის ქუჩაზე მცხოვრები კომისიის თანამშრომელი, რომელიც ოჯახთან ერთად ჩვენი უამრავი მოქალაქის მსგავსად სახლ-კარის გარეშე დარჩა; საკუთარი შემოსავლების ხარჯზე კომისიის თანამშრომლები მას 10 000 ლარს გადასცემენ.

ამასთან,17 ივნისის სხდომაზე, საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, კომისიამ ტექნიკური და ტერმინოლოგიური სახის ცვლილებები შეიტანა ცესკოს სხვადასხვა დადგენილებებსა და განკარგულებებში. ასევე განხორციელდა ცვლილება „საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში. გამოცხადდა კონკურსი N32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. საბუთები მიმდინარე წლის 18 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიიღება (მისამართი: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები