ნოდარ კერესელიძე სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარა.

სოფლის მეურნეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან სამინისტროსა და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების თანამშრომელთა სახელით, ვაკის გამგეობაში, წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობისთვის, საკვები პროდუქტები, წყალი, საოჯახო ნივთები და ტანსაცმელი მიიტანა.

ნოდარ კერესელიძემ წყალდიდობის შედეგად წყნეთის ხევში დაზარალებული ოჯახები პირადად მოინახულა და 25 ოჯახს სამინისტროს თანამშრომლების სახელით, საკვები პროდუქტები, წყალი და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა.

„ეს საერთო საქმეა და ასეთი აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ დავახარისხებთ ამ პროდუქტებს და გავგზავნით შესაბამის მისამართებზე“,- განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ლაშა აბაშიძემ.

„მადლიერები ვართ ყველასი, ვინც ყურადღებას გვაქცევს, ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვები გვყავს და წყლითა და საკვები პროდუქტებით დახმარება ყველაზე მეტად გვჭირდება“,- აღნიშნა წყნეთის ხევის მკვიდრმა, 48 წლის მანანა წიკლაურმა.

წყნეთი ხევის მოსახლეობამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს ყურადღებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები