დავით საგანელიძე საკუთარ ხელფასის ნახევარს სტიქიის შედეგად გარდაცვლილ ნუგზარ ბუაძის შვილებს გადაურიცხავს

სტიქიის შედეგად გარდაცვლილ ნუგზარ ბუაძის შვილებს უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე საკუთარი ხელფასით დაეხმარება – ამის შესახებ საგანელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ბუაძე “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი იყო.
“შემძრა ფაქტმა, როცა ერთი ახალგაზრდა კაცი მამაკაცს მანქანიდან გადმოსვლაში ეხმარებოდა. ეს მამაკაცი გადარჩა, მაგრამ ახალგაზრდა კაცი წყალმა გაიტაცა და დაიღუპა. ის არის გვარად ბუაძე. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ბავშვებს მაქსიმალურად მივაქცევ ყურადღებას და ჩემი ხელფასიდან რაც მექნება, იმას გავყოფ. საღამოს ვიკითხე, გაერკვიათ, თუ ვინ არის, სად ცხოვრობს, რამხელა არიან ბავშვები. მითხრეს, რომ ბუაძე “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი, პარტიის წევრი იყო. ის ძალიან კარგი, აქტიური კაცი იყო და ამას რა მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა საგანელიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.
როგორც საგანელიძემ აღნიშნა, თბილისში მომხდარმა ტრაგედიამ გააერთიანა ყველა და დღეს ყველას ეამაყება, რომ არიან ქართველები და თბილისელები. დავით საგანელიძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სამაშველო სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა და მათ, ვინც ქვეყნის ტკივილი გაიზიარა და დახმარების სურვილი გამოხატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები