სასამართლო ლალი ანთიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  თბილისის საქალაქო სასამართლო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისთვის” ხელმძღვანელის ლალი ანთიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“2014 წლის 28 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ განიხილა მსჯავრდებულ ვერა (ლალი) ანთიას მიმართ გადავადებული განაჩენის აღსრულების საკითხი და განჩინების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად დააბრუნა შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. საქმის მასალების მიხედვით, ვერა (ლალი) ანთიას ბრალი თაღლითობის მუხლით წარედგინა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და 6 თვის ვადით. ვერა (ლალი) ანთიას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ნოემბრის განჩინებით გადაუვადდა დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოხდა გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე. ამასთან, დაევალა წელიწადში ერთხელ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით, მისივე ხარჯით ექსპერტიზის ჩატარება და დასკვნის წარდგენა გადაწყვეტილების გამომტან პირველი ინსტანციის სასამართლოში.
მსჯავრდებულ ვერა (ლალი) ანთიას დღემდე არ წარმოუდგენია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მიუხედავად იმისა რომ, სასამართლომ არაერთხელ აცნობა დასკვნის წარმოდგენის თაობაზე, რისი ვალდებულებაც სასამართლოს არ გააჩნდა. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, მიიღო გადაწყვეტილება სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ. გარდა ამისა, მსჯავრდებულ ვერა (ლალი) ანთიას მიმართ გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის ”ამნისტიის შესახებ ” საქართველოს კანონის მოქმედება და დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მესამედით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლისა და 8 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი საჩივრდება ერთჯერადად, 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, ხოლო ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენების ნაწილში განჩინების გასაჩივრება შესაძლებელია გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში“,-აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები