ზურაბ ჯაფარიძეს ეროვნული ვალუტის სტაბილურობის გეგმა აქვს
პარლამენტის წევრი ზურაბ ჯაფარიძე ეროვნული ვალუტის სტაბილურობის მისაღწევად ახალი ინიციატივით გამოდის და ამ მიმართულებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადებას იწყებს.
გასატარებელი რეფორმების ინფორმირებისთვის პარლამენტის წევრმა ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა და ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში ლარის 40%-ით გაუფასურებამ საქართველოში მცხოვრებ თითქმის ყველა მოქალაქეს პრობლემა შეუქმნა, განსაკუთრებით კი, ფინანსური პრობლემა იმ 530 ათას ოჯახს შეეხო, რომელთაც საბანკო სესხი დოლარში აქვს გამოტანილი.
ჯაფარიძე სავალუტო კრიზისის და ფინანსური არასტაბილურობის დასაცავად, სწრაფი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას მიიჩნევს და ხელისუფლებას შემდეგი ღონისძიებების გატარებას სთავაზობს: ეროვნული ბანკის ნაცვლად სავალუტო საბჭოს შექმნას; საგადასახადო საშუალებად ლართან ერთად სხვა უცხოური ვალუტის შემოღებას; ფიქსირებულ ლარის კურსს დოლართან, ევროსთან ან ამ ვალუტების კალათასთან.
ჯაფარიძის თქმით, აღნიშნული ღონისძიებების გატარების შემთხვევაში, ლარის გაუფასურების რისკი ნულს გაუტოლდება და მოქალაქეებს უცხოურ ვალუტაში გამოტანილი სესხი აღარ გაუძვირდებათ.
„გატარებული ღონისძიებების შედეგად ლარის გაუფასურების რისკი ნულს გაუტოლდება და მოქალაქეებს უცხოურ ვალუტაში გამოტანილი სესხი აღარ გაუძვირდებათ, ასევე აღარ გაუფასურდება ლარში გაკეთებული დანაზოგი, ხოლო იმ მოქალაქეებს, ვისაც ლარში აქვთ ფიქსირებული ხელფასი, შემოსავლები აღარ შეუმცირდებათ. შემოთავაზებული ცვლილებებით საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირება, ინვესტიციების შემოსვლის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაც არის შესაძლებელი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ცვლილებების მომზადება უმოკლეს ვადაში განხორციელდეს, რათა მომავალი წლიდან მონეტარული სისტემის ახალ მოდელზე გადასვლა გახდეს შესაძლებელი.