საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2015 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა

თბილისში, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-8 საერთაშორისო გამოფენა – WinExpo Georgia 2015 – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ გახსნა.

”ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობის შემდგომ განვითარებას. დღევანდელი ღონისძიება, ისევე როგორც სხვა მსგავსი საერთაშორისო გამოფენები, მნიშვნელოვანია დარგის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციის თვალსაზრისით. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო და ვიამაყოთ ჩვენი ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

გამოფენაში მონაწილეობს 100-მდე კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, გერმანიიდან, უკრაინიდან, პორტუგალიიდან, მოლდავეთიდან, იტალიიდან.

გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები, ასევე შესაფუთი მასალები, მანქანა-დანადგარები, გადამამუშავებელი ხაზები, მინის ტარისა და საცობების მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები.

დამთვალიერებელს შეუძლია დააგემოვნოს სხვადასხვა კომპანიის პროდუქცია, ქვევრის ღვინო, ქართული ტრადიციებით დამზადებული ყველი. წელს გამოფენაზე ღვინის ცნობილ მწარმოებლებთან ერთად წარმოდგენილი იქნება მცირე და ოჯახური მარნების პროდუქცია. გამოფენის ფარგლებში, 5 და 6 ივნისს, ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციის OIV-ის ოფიციალური პატრონაჟით ღვინის მე-7 საერთაშორისო კონკურსი “International Wine Competition” ჩატარდება.

კონკურსის ჟიურის წევრები საერთაშორისო ექსპერტები, ენოლოგები და ღვინის ცნობილი ჟურნალისტები არიან. კონკურსში მონაწილეობს 80-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია და მცირე მარანი. კონკურსში გამარჯვებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონია 7 ივნისს გაიმართება. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-8 საერთაშორისო გამოფენის – WinExpo Georgia 2015-ის მხარდამჭერები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტოა. გამოფენა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები