„დიდი ხევძმარას“ სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ მუხიანის დასახლებაში არსებულ „დიდი ხევძმარას“ სანიაღვრე კოლექტორზე დასრულებული სამუშაოები და „სააფთრის ხევის“ სანიაღვრე კოლექტორზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კოლექტორებში, რომლის სიგანე – 6, სიმაღლე კი 4 მეტრია, ნაზვავი გრუნტის მასები ჩაედინებოდა, რის გამოც მათი გამტარუნარიანობა 90%-ით იყო შემცირებული. კოლექტორებზე არსებული პრობლემები კიდევ უფრო აზიანებდა ნაგებობას და, ამავდროულად, უხვი ნალექის დროს დატბორვის საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას.

უკვე დასრულდა „დიდი ხევძმარას“ დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის მიხედვით, აღდგა 100 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის კოლექტორი, მოეწყო მონოლითური კონსტრუქცია. სამუშაოები რთულ პირობებში – მიწის ზედაპირიდან 15 მეტრ სიღრმეში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის მუხიანის დასახლებაში „სააფთრის ხევის“ 610-მეტრიანი სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე კეთდება ახალი – 100 მეტრი სიგრძის მონოლითური რკინა-ბეტონის სანიაღვრე კოლექტორიც.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, გუშინწინ მოსული უხვი ნალექის დროს სისტემამ პირველი გამოცდა ჩააბარა.

„გუშინწინ მოსული უხვი ნალექის დროს ამ სისტემამ თავისი პირველი გამოცდა უკვე ჩააბარა და კარგად იმუშავა. მცირედი სამუშაოებია დარჩენილი, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება. სულ მალე გამოვაცხადებთ ახალ ტენდერებს სხვა მონაკვეთებზეც, რათა წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა, რაც ამ უბნების დატბორვას უკავშირდება, თავიდან ავიცილოთ. ასეთი მნიშვნელოვანი სამუშაოები ქალაქში ეტაპობრივად განხორციელდება, განსაკუთრებით კი ისეთ უბნებში, სადაც სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება აუცილებელია“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით სხვა კოლექტორების მოწესრიგებაც იგეგმება.

„სამომავლოდ კოლექტორების მოწესრიგებას კიდევ ვგეგმავთ. ამისათვის დედაქალაქის ბიუჯეტის ფარგლებში დაახლოებით 7 მილიონი ლარის დახარჯვას ვაპირებთ. სანიაღვრე სისტემას ქალაქში აუცილებლად მოვუვლით და, ყველა დაზიანებულ კოლექტორს რეაბილიტაციას ჩავუტარებთ“, – განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.

„დიდი ხევძმარას“ დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 733.000 ლარი დაიხარჯა. კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „პალიტრამ“ განახორციელა. რაც შეეხება „სააფთრის ხევზე“ ახალი საკომუნიკაციო სისტემის მოწყობას, რომელსაც შპს „საბა კონსტრაქშენი“ აწარმოებს, დედაქალაქის ბიუჯეტიდან მილიონნახევარ ლარამდე, მუხიანი 2-ის დასახლებაში მიმდინარე ახალი კოლექტორის მოწყობის სამუშაოებზე კი, 250 ათას ლარამდე დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები