6 ივნისს რიყეზე ამერიკის კულტურის დღეები დაიხურება

2 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ამერიკის კულტურის დღეები იმართება. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების წარმომადგენელმა, ინფორმაციის ატაშემ დენიელ ჰეისტინგსმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა ამერიკის დღეები უკვე ზუგდიდში, ახალციხესა და გორში ჩატარდა. ჰეისტინგსის განცხადებით, კულტურის დღეები ორი ქვეყნის მეგობრობას კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს და ამერიკელ და ქართველ ხალხს უფრო დააახლოებს.

„ამერიკის დღეებმა ძალიან კარგად ჩაიარა ზუდგიდში, ახალციხესა და გორში. ხვალ საღამოს თბილისში გაიმართება. ამერიკის კულტურის დღეები ორი ქვეყნის მეგობრობის სიმბოლოა. ამ ღონისძიებისთვის ყველაზე სახალხო ელჩები, ამერიკელი მუსიკოსები ჩამოვიყვანეთ, რომლებიც თავიანთი ცოცხალი შესრულებით ხვალ რიყეზე ქართული საზოგადოების წინაშე წარდგებიან. ყველას გთხოვთ, მობრძანდეთ“,- აღნიშნა დენიელ ჰეისტინგსმა.

გარდა ამერიკული ჯგუფის – Dangerflow-ს მუსიკისა, ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშეს ჯეიმს დუის განცხადებით, ღონისძიებაში მონაწილეობას ქართველი მუსიკოსებიც მიიღებენ. მათ შორის ქანთრის ქართველი შემსრულებელი შოთა რამიშვილი და ანსამბლი „გორდელაც“ არიან. ხვალვე რიყეზე გამოფენა მოეწყობა, სადაც ასახული იქნება ის პროექტები, რომელსაც აშშ საქართველოში ახორციელებს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ამერიკული ბრენდებიც, მათ შორის „კოკა -კოლა“ და „ვენდის“ პროდუქციაც იქნება.

„ ხვალ რიყეზე გამოფენილი იქნება ის პროგრამები, რასაც ამერიკის მთავრობა საქართველოში ახორციელებს, იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია სტუდენტური გაცვლითი პროგრამების შესახებ. ვანახოთ ყველას, რას კეთებს აშშ საქართველოში. წარმოვადგენთ ამერიკულ ბრენდებს, “კოკა-კოლას”, “ვენდის”… ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ასვე ქანთრის ქართველი შემსრულებელი შოთა რამიშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გოგონათა ანსამბლი „გორდელა“ . საღამოზე ამერიკული მუსიკა ქართულ ინსტრუმენტებზე შესრულდება. სცენა მეტეხის ხიდზე იქნება დამონტაჟებული. ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს მგობრობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს“,- განაცხადა ჯეიმს დუიმ.

ამერიკული მუსიკალური ჯგუფი Dangerflow საქართველოში პირველად იმყოფება, თუმცა როგორც „კვირას“ პრესკლუბის სტუმარმა მუსიკოსებმა განმარტეს, მათ საქართველოში გატარებული დღეები არასდროს დაავიწყდებათ.

როგორც ჯგუფის წევრებმა ენჯელ ოუშენმა და ერიკ ჰოლინმა განმარტეს, ყველაზე დასამახსოვრებელი ის სითბო და სტუმართმოყვარეობა გახდა, როგორც ქართველებმა ისინი მიიღეს. სტუმრებმა აღფრთოვანება არ დამალეს ქართული სამზარეულოს მიმართ, განსაკუთრებით კი მათი მოწონება ხინკალმა დაიმსახურა. ჯგუფის წევრები იმედოვნებენ, რომ ხვალ დაგეგმილი ღონისძიებაც ისეთივე წარმატებული აღმოჩნდება, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები