საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ბიძინა ივანიშვილს პასუხობს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში აზიმ სადიკოვი ყოფილი პრემიერის გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც სადიკოვი განცხადებაში ამბობს, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შელახვა შეასუსტებს ამ ინსტიტუტს, ძირს გამოუთხრის მისი სავალუტო და ფინანსური პოლიტიკის სანდოობას, ასევე ინვესტორთა ნდობას შეუქმნის საფრთხეს.

“საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგისას, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა არაერთხელ აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობა. საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შელახვა შეასუსტებს ამ ინსტიტუტს, ძირს გამოუთხრის მის სავალუტო და ფინანსური პოლიტიკის სანდოობას და საფრთხეს შეუქმნის ინვესტორთა ნდობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას რისკის ქვეშ დააყენებს, ამიტომ ამასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის რეკომენდაციაა დაინტერესებულ მხარესთან და საერთაშორისო ექსპერტებთან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციების გამართვა.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ბოლო პერიოდში გაკეთებული შეთავაზება ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რისკის ქვეშ დააყენებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. ჩვენი რეკომენდაციაა, ახლავე გაიმართოს სწორი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან და საერთაშორისო ექსპერტებთან. თუ ამ კონსულტაციებით გადაწყდება, რომ ცვლილებები შევიდეს ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში, ნებისმიერმა ცვლილებამ უნდა დაიცვას საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და უზრუნველყოს, რომ მისი მმართველობა და ოპერაციები შეესაბამებოდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადყოფნას გამოთქვამს, გაუწიოს დახმარება ამ სფეროში”, – ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები