საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, პირველი საკითხი, რომელზეც კომისიის წევრებმა იმსჯელეს, ჯავახეთის N66-ში მდებარე გასხვისებულ ტერიტორიასა და მასზე მიმაგრებულ სკვერს შეეხებოდა.

“თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 16 აპრილის სხდომაზე გაიცა თანხმობა თბილისში, ჯავახეთის ქ. №66-ში არსებული მიწის ნაკვეთების ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილებაზე და გაეწია რეკომენდაცია თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, წარუდგინოს თბილისის საკრებულოს განიხილოს საკითხი აღნიშნული მიწის ნაკვეთის საცხოვრებელი ზონის, სარეკრეაციო ზონა 1-ით შეცვლის თაობაზე. თუმცა, საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, საქმის სასამართლოში წარმოების გამო, შეჩერებულია”, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.

როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, წარმოდგენილი არგუმენტი მიწის ნაკვეთისათვის ფუნქციური ზონის ცვლილების შესახებ, პროცესის დაწყებას ხელს არ უშლის. მისივე თქმით, იკვეთება შესაძლო კანონდარღვევები მიწის ნაკვეთის გასხვისების დროს. კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი, რომ მიემართოს საქართველოს მთავარ პროკურატურას კითხვით, მიმდინარეობს თუ არა საქმის წარმოება ჯავახეთის №66-ში არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისების პროცესის დროს სავარაუდო კანონდარღვევებთან დაკავშირებით.

ასევე ეთხოვოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს მიერ 2015 წლის 15 აპრილის სხდომაზე გაცემული რეკომენდაციის შესრულება, ჯავახეთის №66-ში არსებული მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით.

მეორე საკითხი, რომელიც კომისიის წევრებმა განიხილეს, გრიშაშვილის ქ. №41-ში მცხოვრები მოქალაქეების კანონიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ დავას ეხებოდა. გულიკო ზუმბაძის ინფორმაციით, მოცემულ შემთხვევაში სამი ოჯახის უფლება დაირღვა. “მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი მერიის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების აღიარების კომისიის“ მიერ საკუთრებაში გადაეცა სხვა პირს, რითაც გამოიკვეთა კორუფციული ნიშნები და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. ვფიქრობთ, მოვაგროვოთ შესაბამისი მასალა და შესწავლისთვის პროკურატურას გადავუგზავნოთ’’, – აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ. სხდომას, კომისიის წევრების გარდა, განმცხადებლები და მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურებისა და სსიპ-ების ხელმღვანელები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები